Saturday, December 19, 2009

წმიდა ნიკოლოზი - მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი


წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება


წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მაშინ ეს მხარე რომის იმპერიის კუთვნილება იყო. მძიმე დევნას განიცდიდა ქრისტეს მებრძოლი, ახლადდაარსებული ეკლესია. რომის იმპერატორმა ვალერიანმა, წარმართული ღმერთების ერთგულმა თაყვანისმცემელმა, მთელს იმპერიაში გასცა განკარგულება, რომ ედევნათ ქრისტიანები. დევნას განიცდიდნენ არა მარტო ღვთისმსახურნი, ერის ხალხიც. მათ თავიანთ მწყემსმთავრებთან ერთად აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. სწორედ ამ დროს დაიბადა წმინდა ნიკოლოზი.

მის მშობლებს თეოფანეს და ნონას დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და თავიანთი ქონებიდან გაჭირვებულთათვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ამის გამო ადამიანთა სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი. ამ სათნოებისათვის და ღვთისმოშიში ცხოვრებისათვის, აგრეთვე გულმხურვალე ლოცვისათვის ღმერთმა მათ ვაჟი უბოძა, მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი.

სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი დამოუკიდებლად იდგა ემბაზში რამდენიმე საათის განმავლობაში.

დედის რძეს კი ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს მიირთმევდა. სიყრმიდანვე უყვარდა სახარების კითხვა, ტაძარში სიარული და დიდ დროს უთმობდა გულმოდგინე ლოცვებს. მშობლებიც უწყობდნენ ხელს ბიჭს ასეთი ხასიათის ჩამოყალიბებაში. ისინი არა მარტო სახლში, გზაშიც კი არ წყვეტდნენ ნიკოლოზის ქრისტიანულ აღზრდას და მათი სწავლება ისე მტკიცედ გაუჯდა ბავშვს, რომ ბავშვობიდანვე შეიყვარა გლახაკები. არასდროს ისე არ ჩაუვლიდა, სანუგეშო სიტყვა რომ არ ეთქვა და მოწყალება არ მიეცა მათთვის.

ყრმობისას მხოლოდ სახარებისადმი ლტოლვას ამჟღავნებდა, არ ერეოდა ამხანაგთა უაზრო საუბრებსა და გართობებში, სახეზეც კი არ უყურებდა მათ. ამის შემხედვარე ბიძამ, პათარას ეპისკოპოსმა, დაარწმუნა მშობლები, მიეცათ შვილი ღვთის სამსახურში და მათი ნებართვით აიყვანა იგი მღვდლის ხარისხში.

მისი ხელდასხმისას ეპისკოპოსმა ასე მიმართა ხალხს:

- მე ვხედავ ახალ ამომავალ მზეს დედამიწაზე, ტკბილ მანუგეშებელს მწუხარეთა და ტანჯულთათვის. ბედნიერია ის სამწყსო, რომელსაც იგი დამწყემსავს. იგი განამტკიცებს მათ რწმენაში, ასწავლის სათნო და ღვთისმოშიშ ცხოვრებას, იქნება ყველა გაჭირვებულის შემწე.

და მართლაც წმინდა ნიკოლოზმა მთელი თავისი ცხოვრებით აღასრულა ბიძის ეს წინასწარმეტყველური სიტყვები. მას არასდროს შეუწყვეტია ტანჯულთა შემწეობა, დამცირებულთა და უსუსურთა განმტკიცება, სათნო საქმეების კეთება. მღვდელთმთავრობისას კი უფრო მკაცრ მოსაგრეობას ეწეოდა, იყო განუწყვეტლივ მღვიძარებაში, მკაცრ მარხვასა და ლოცვაში, სულ უფრო მაღლა და მაღლა იწევდა სრულყოფილების საფეხურებზე, სულ უფრო უახლოვდებოდა უსხეულო მდგომარეობას.

ხელდასმიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ ბიძამისი იერუსალიმში გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად და თავის ძმისშვილს დაავალა ეპარქიის გამგეობა. წმინდა ნიკოლოზი ამას მთელი პასუხისმგებლობით შეუდგა. ამასობაში მისი მშობლები გარდაიცვალნენ და მას მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვეს. წმინდა ნიკოლოზმა მთელი ეს ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა, მრავალ ადამიანს შეეწია. ყოველივე ამას აკეთებდა უჩუმრად, სხვებისაგან დამალულად.

ერთხელაც ერთმა თვალსაჩინო გვარის წარმომადგენელმა მთელი თავისი ქონება უბედურ გარემოებათა გამო დაკარგა და სიღატაკეში ჩავარდა. მას სამი ქალიშვილი ჰყავდა, სილამაზით გამორჩეულნი. მან გადაწყვიტა ქალიშვილების უბიწოება ლუკმა-პურის საშოვნელად გამოეყენებინა და უკვე მზადაც იყო ამის გასაკეთებლად, რომ შუაღამისას წმინდა ნიკოლოზმა ფანჯრიდან ოქროთი სავსე ქისა შეუგდო.

დილით კაცმა რომ სასთუმალთან ოქროთი სავსე ქისა იპოვა, ტირილი დაიწყო, ღმერთს მადლობა შესწირა, საქმეები გამოასწორა და უფროსი ქალიშვილიც კარგად გამზითვებული გაათხოვა. ეს რომ წმინდა ნიკოლოზმა შეიტყო, გახარებულმა გადაწყვიტა მეორე ქალიშვილის ბედიც ასე მოეწყო. ისევ უჩუმრად შეუგდო კაცს ფანჯრიდან ოქროთი სავსე ქისა.

დილით მოხუცმა ქისა რომ დაინახა, მუხლებზე დაემხო და ღმერთს შეჰღაღადა:

- ღმერთო, რომელმაც საკუთარი სისხლით გამოგვისყიდე, ახლა ჩემი ქალიშვილებიც შეიწყალე, მაჩვენე ის მიწიერი ანგელოზი, რომელმაც გვიხსნა ცოდვისაგან, ცუდი განზრახვისაგან.

მამამ მეორე ქალიშვილიც კარგად გაათხოვა. მერე კი მღვიძარებაში ატარებდა ღამეებს, რადგან გრძნობდა, არც მესამე ქალიშვილს დააკლებდა უცნობი მფარველი თავის წყალობას. ერთ ღამესაც, როცა ნიკოლოზმა კვლავ გააღო ფანჯარა და ქისა შეაგდო ოთახში, მოხუცი გაეკიდა, იცნო ნიკოლოზი, დაემხო მის ფეხებთან და ცრემლებით მმადლობდა. წმინდა ნიკოლოზმა წამოაყენა და მოხუცი და სთხოვა არავისთვის ეთქვა ეს ამბავი.

ამასობაში ბიძამისი დაბრუნდა. წმინდა ნიკოლოზმა ჩააბარა მას ეკლესია, თვითონ კი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების თაყვანსაცემად. გემი ეგვიპტის ნაპირებს რომ მიუახლოვდა, ნიკოლოზმა აუწყა თანამგზავრებს ქარიშხლის მოახლოება. მართლაც მალე დაუბერა ძლიერმა ქარმა, ზღვა აღელდა, ცა ტყვიისფერი ღრუბლებით დაიფარა და ამოვარდა ძლიერი ქარიშხალი. ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო გემის დაღუპვა. ყველა წმინდა ნიკოლოზს ევედრებოდა შველას. მაშინ დაემხო წმინდანი მუხლებზე და იწყო გულმოდგინე ვედრება. ქარი უეცრად ჩადგა, ცა განათდა და ზღვაც დაწყნარდა. ყველა განაცვიფრა ნიკოლოზის საკვირველთმოქმედმა ძალამ. მერე ყველამ ერთად მადლობა შესწირა ღმერთს.

ამ დროს მგზავრი, რომელიც შიშისაგან ანძაზე ასულიყო, ჩამოვარდა და ძირს დაენარცხა, მაგრამ წმინდა ნიკოლოზის ლოცვებით ისე აღსდგა, არანაირი ტკივილი არ უგრძვნია.

პალესტინაში წმინდა ნიკოლოზმა მოიარა ყველა წმინდა ადგილი, თაყვანი სცა უფლის საფლავს, გულმხურვალედ ილოცა გოლგოთაზე, უფლის ჯვარცმის ადგილზე. არსებობს გადმოცემა, რომ იერუსალიმის ტაძრის კარები ნიკოლოზის მიახლოებისას თავისთავად გაიღო და იგი დაუბრკოლებლივ შევიდა მასში.

დიდხანს დაჰყო ნიკოლოზმა იერუსალიმში, აღარც აპირებდა პათარაში დარბუნებას, უდაბნოში ფიქრობდა განმარტოებას, მაგრამ ღვთის ნება სულ სხვა იყო და იგიც იძულებული გახდა ეზრუნა სამშობლოში დაბრუნებაზე. შეუთანხმდა კიდევაც ერთი გემის მეზღვაურებს, რომ წაეყვანათ ლუკიაში, მაგრამ მეზღვაურებმა მოატყუეს, ისარგებლეს ზურგის ქარით და გემი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანეს. ამაოდ ემუდარებოდა მათ წმინდანი შეესრულებინათ თავიანთი დაპირება, მაგრამ მათ ყურიც არ ათხოვეს. მაშინ იწყო ნიკოლოზმა ლოცვა. უფალმა ისმინა მისი, ამოვარდა ძლიერი ქარი, შემოატრიალა გემი და ლუკიის ნაპირისკენ გააქანა. დაბნეულ და შეშინებულ მეზღვაურებს სათნო და უბოროტო ნიკოლოზმა არაფერი დაუშავა, საყვედურიც კი არ დასცდენია და მშვიდობიანად გაისტუმრა ისინი.

წმინდა ნიკოლოზი მთელის სულითა და გულით ილტვოდა განმარტოებისაკენ. სამშობლოში ჩასვლის შემდეგაც არ დაბრუნებულა იგი პათარაში. ბიძამისისი დაარსებულ სიონის მონასტერს მიაშურა და ამ სავანეში აპირებდა ლოცვებში გაეტარებინა ცხოვრების დარჩენილი დღეები. სიონის ბერებმა სიხარულით და სიყვარულით მიიღეს სათნო საქმეებით ცნობილი მღვდელი, მაგრამ ღმერთი სულ სხვა რამისთვის ამზადებდა თავის რჩეულს. მას არ სურდა ასეთი მნათობი ვიწრო სენაკში რომ გამოკეტილიყო. ერთ ღამესაც, როცა წმინდა ნიკოლოზი ლოცვაზე იდგა, ესმა ხმა:

- თუ გინდა ჩემგან გვირგვინის მიღება, იღვაწე ადამიანთა ეკლესიური განათლებისათვის.

დააფიქრა ღვთის რჩეული ამ სიტყვებმა. მალე ისევ მოესმა ხმა:

- მონაზვნური განმარტოება, ის გზა არ არის, რომლითაც უნდა მემსახურო. წადი ხალხთან, ადიდე მათში ჩემი სახელი და ამრავლე ქრისტეს საუფლოს წევრთა რიცხვი.

მაშინ გადაწყვიტა ნიკოლოზმა ლუკიის მთავარ ქალაქში, მირონში, მისთვის უცხო ადგილზე წასვლა, რათა იქ ესწავლებინა ხალხისთვის უფლის გზა.

ასე ამზადებდა უფალი თავის რჩეულის გზას უმაღლესი მსახურებისათვის. სწორედ მისი მირონში ჩასვლისას გარდაიცვალა ამ ქალაქის მთავარეპისკოპოსი. ღამით შეიკრიბნენ მღვდელმთავრები ახალი ეპისკოპოსის ასარჩევად. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მათ ლოცვით მიმართეს ღმერთს და შესთხოვეს, გამოეგზავნა მათთვის ღირსეული ადამიანი. ღმერთმაც ისმინა მათი და ერთმა უხუცესმა ეპისკოპოსმა იხილა უჩვეულო ნათლის გარემოსილი კაცი, რომელმაც ამცნო, რომ დამდგარიყო ეკლესიის კართან ღამით და დალოდებოდა პირველ მომსვლელს:

- ვინც პირველი შემოვა ეკლესიაში, - უთხრა ღვთისმოსავმა ეპისკოპოსს, - ის იქნება ღვთის რჩეული. მისი სახელია ნიკოლოზი.

უხუცესმა ეპისკოპოსმა თავისი ხილვა ამცნო სხვებს, დადგა ეკლესიის კართან, სხვები კი ეკლესიაში ელოდნენ ღვთის რჩეულის გამოჩენას. ამ დროს ნიკოლოზმა ჩვეულებისამებრ ღამე ლოცვაში გაატარა და გამთენიისას გაეშურა ეკლესიისაკენ. კართან იგი დადარაჯებულმა ეპისკოპოსმა შეაჩერა და სახელი ჰკითხა. მან მშვიდად ამცნო თავისი სახელი. მაშინ ეპისკოპოსმა შეიყვანა იგი ტაძარში და განუცხადა ღვთის ნება. ეს ამბავი სწრფად მოედო მთელს ქალაქს. ტაძარი გაივსო ხალხით. წმინდანი ჯერ უარზე იყო, მაგრამ მერე დასთმო, რადგან ჯერ კიდევ ტაძარში მისვლამდე იხილა, როგორ უწვდიდა ღვთისმშობელი ომოფორს. მიხვდა, ეს მართლაც უფლის ნება რომ იყო და დასთმო. მაშინ უხუცესმა ეპისკოპოსმა ასე მიმართა ხალხს:

- მიიღეთ მწყემსი, რომელიც გამოირჩია სული წმიდამ და რომელსაც უფალმა უბრძანა ჩვენი სულების მართვა.

ხალხი გახარებული მმადლობდა უფალს, მღვდელმთავრებმა აიყვანეს ნიკოლოზი ეპისკოპოსის ხარისხში.

- ეპისკოპოსმა ცხოვრება სხვაგვარად უნდა წარმართოს. სხვებისათვის უნდა ვიცხოვრო, ჩემთვის კი არა, - ეუბნებოდა თავს და იხსენებდა პავლე მოციქულის სიტყვებს ტიმოთესადმი:

- იყავ ნიმუში ერთგულთათვის სწავლაში, ცხოვრებაში და რწმენაში.

მან შეიცვალა ცხოვრების წესი, გახსნა კარი ყველასთვის და სამაგალითო და მისაბაძი გახდა სამწყსოსათვის თავისი სათნო, ღვთისნიერი ცხოვრებით, გულითადი სიყვარულით ადამიანებისადმი. იგი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, მორჩილი სულით, ყოველგვარი ქედმაღლობა და სიამაყე მისთვის უცხო იყო. ატარებდა სადა ტანსაცმელს, საკვებს მცირედს იღებდა, იკვებებოდა საღამოობით, მხოლოდ ერთხელ, ყველას სიყვარულით ხვდებოდა, ყურადღებით უსმენდა, ხალისით ეხმარებოდა, ანუგეშებდა, დაჩაგრულებს, ქვრივებსა და ობლებს ექომაგებოდა და ეხმარებოდა.

ამასობაში დაიწყო ქრისტიანთა დევნა.

მეოთხე საუკუნის დასაწყისში, ქრისტეს შობიდან 303 წელს, რომის იმპერატორებმა დიოკლეტიანემ და ვალერიმ ბრძანება გასცეს, დაენგრიათ ქრისტიანული ტაძრები, დაეწვათ წიგნები და ქრისტიანთათვის ჩამოერთმიათ სამოქალაქო უფლებანი და თანამდებობანი. ამით კი ეიძულებინათ ისინი, უარეყოთ ქრისტე. ურჩები უნდა დაესაჯათ. დევნა იწყეს დედაქალაქში - ნიკომიდიაში. სწორედ აქ დაწვეს აღდგომის დღეს 20000 ქრისტიანი, თვითონ ტაძარი კი დაანგრიეს. შემდეგ დევნამ გადაინაცვლა რომის იმპერიის სხვა ოლქებში, პროვინციებში. ასე იქცა მთელი მსოფლიო სასაკლაოდ. ყველა ქალაქში იწყეს მოსახლეობის აღწერა და ამ სიის მიხედვით ყველას აიძულებდნენ მსხვერპლი შეეწირათ წარმართთა ღმერთებისათვის. შეუძლებელი იყო გაქცევა. ასე ხმარობდნენ ყოველგვარ ღონეს ქრისტეს რწმენის აღმოსაფხვრელად. ზოგს შოლტებით სცემდნენ, ზოგსაც თავქვე ჰკიდებდნენ, ზოგს გახურებულ ტყვიას ასხამდნენ და ა.შ. დასახიჩრებულ ქრისტიანებს კურნავდნენ და მერე განკურნებულებს კვლავ აწამებდნენ. ასე უნდოდათ აეცილებინათ მათთვის მოწამის გვირგვინი და ეიძულებინათ უარეყოთ ქრისტე.

„მე თვით ვიყავი იმის მოწმე, - წერს ევსევი ჟამთააღმწერელი, - რკინა რომ ბლაგვდებოდა და ტყდებოდა, დაღლილი ჯალათები ცვლიდნენ ერთმანეთს, და მე ვხედავდი ქრისტეს აღმსარებლობის ნამდვილ ღვთიურ ძალას და მხნეობის საოცარ აღმაფერნას. გამოუტანდნენ განაჩენს ერთს და მაშინვე მის ადგილს იკავებდნენ სხვები, აღიარებდნენ ქრისტეს და სულაც არ ფიქრობდნენ იმ სატანჯველზე, რაც მათ ამისთვის ელოდათ“.

სწორედ ამ დროს აძლიერებდა წმინდა ნიკოლოზი თავის სამწყსოს. იგი მფარველი ანგელოზივით ეცხდებოდა ყველა დევნილს, თავისი სათნო სიტყვითა და ნუგეშით ამხნევებდა ყველას. ამისთვის იგი შეიპყრეს და სხვებთან ერთად დილეგში ჩააგდეს. იგი მხნედ იტანდა შიმშილს, წყურვილს, ტანჯვას. საპყრობილეშიც ქადაგებდა ღვთის სიტყვას, გასცემდა მოწყალე

Monday, November 23, 2009

წმინდა გიორგის პირველი სასწაული


ისმინეთ, საყვარელო ძმებო, სასწაული, რომელიც ჩაიდინა წმინდა და დიდებულმა მოწამე გიორგიმ.
იმ დროს, როდესაც ამ ქვეყანაზე ბრწყინავდა წმინდა გიორგი და ეს იყო მის წამებამდე, იყო ერთი ქალაქი, რომელსაწ ლასია ეწოდებოდა. ამ ქალაქში იყო მეფე, სახელით სელინოსი. იგი უკეთური, ურჯულო, კერპთმსახური, შეუბრალებელი და ულმობელი იყო ქრისტიანების მომართ. თავისი ბოროტი საქმეების შესაფერისად გადაუხადა მას უფალმა. ქალაქის მახლობლად იყო ტბა, რომელმაც დიდძალი წყალი იკრიბებოდა და ზღვას ჰგავდა. ამ ტბის წყალში გამოჩნდა ბოროტი ვეშაპი, რომელიც ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან, სპობდა, მუსრს ავლებდა და ჭამდა მოსახლეობას. მრავალჯერ შეკრიბა მეფემ მეომრები ვეშაპის მოსაკლავად, მაგრამ მათ ეს ვერ შესძლეს, რადგან ძალიან მძვინვარე იყო. მაშინ შეიკრიბა მთელი ქალაქი, შესჩიოდნენ მეფეს და ამბობდნენ: "რა ვქნათ, ო მეფევ, რადგან ჩვენი ქალაქის ადგილმდებარეობა, მართალია, მშვენიერია, მაგრამ ჩვენ უწყალოდ ვიხოცებით და შენ არ წუხარ ამაზე, არც რამეს აკეთებ, განსხვავებით სხვა ქვეყნის მეფეებისაგან". მაშინ გული ეტკინა მეფეს, უფრო მეტად შეშინდა და უთხრა მათ: " დაწერეთ ხელწერილი და მიეცით თქვენი შვილები შესაწირავად. და როცა ყველასი დასრულდება, მყავს დედისერთა ასული და მეც მივსცემ მას შესაწირავად, როგორც თქვენ. და ნუ გაიქცევით ჩვენი ქალაქიდან". როცა მეფემ ეს თქვა, ყველას მოეწონათ მისი ნათქვამი და იწყო ყოველმა კაცმა თავიანთი შვილების მიცემა, ვიდრე არ მოვიდა მეფის რიგი.
მეფემ შემოსა თავისი ასული სამეფო პორფირით, შეამკო იგი, როგორც სარძლო, ცრემლიანი კოცნიდა და მოთქმით ეტყოდა: "წადი, ჩემო ერთადერთო ტკბილო ასულო, შენ იყავი ჩემი ნუგეშისმცემელი და მემკვიდრე ჩემი მეფობისა, თვალთა ჩემთა, სინათლე და განმზადებული ქორწილისა და სიძისათვის. და აი, ახლა მხეცის შესაჭმელად წარიგზავნები. ვაიმე, როგორც ქორწილში მიდიხარ და როგორ სარძლოდ მოგრთე შენ, რა საკრავები, გასართობი, ჩირაღდნები და თანამესუფრენი მოგიმზადე შენ. ვაიმე, ჩემო სასურველო, რადგან ვერასდროს ვერ ვიხილო შენი პირსახე და ვერც შენი მუცლის ნაყოფი, რადგან აი, ახლა მშორდები ბუნებრივი სიკვდილის გარეშე". მობრუნდა და მიმართა ხალხს: "მიიღეთ, რამდენიც გინდათ ოქრო, ვერცხლი და მასთან ერთად ჩემი მეფობაც, ოღონდ გაანთავისუფლეთ ჩემი შვილი!"
არავინ არ ისმინა მისი და არც შეიბრალა, რადგან ის ბრძანება თავიდანვე მისი დაწესებული იყო. როცა იხილა ხალხის სიჯიუტე, მისცა მათ თავისი ასული. მაშინ შეიკრიბა მთელი ქალაქი, დიდი და მცირე, ქალის სანახავად.
ხოლო კეთილმა, კაცთმოყვარე და მრავალნოწყალე ღმერთმა ინება, რომ აჩუენოს სასწაული და ჩვენებანი წმინდა მოწამის გიორგის მიერ. ამიტომ ისე მოაწყო, რომ დეოკლეტიანე მეფემ გაუშვა ჯარი. წმინდა და დიდებული გიორგი მოდიოდა კაბადოკიაში, თავისი ქვეყნის მამულში და ღვთის მოწყალებით იმ დღეს მიაღწია იმ ადგილს, როდესაც ვეშაპს უნდა მოეკლა და შეეჭამა ის ქალი. იგი გაემართა ტბისაკენ, რათა თავისი ცხენისათვის წყალი დაელევინებინა, და ნახა ტბის პირას მჯდარი ქალი, რომელიც მწარედ ტიროდა. ჰკითხა მას წმინდანმა: "დედაკაცო, რატომ ტირი, ან რატომ ზიხარ ამ ადგილას?", მიუგო ქალმან და უთხრა: "გხედავ, ბატონო ჩემო, ლამაზსა და ტანადობით მშვენიერს, როგორ მოხვედი აქ სასიკვდილოდ? წადი აქედან და სწრაფად მოშორდი აქაურობას". წმინდანმა მას უპასუხა: "დედაკაცო, ვინ ხარ შენ და ვინ არის ხალხი, რომელიც შენ გიცქერის?" უპასუხა მას ქალმა: "ბატონო, ბევრი და გრძელია ჩემი ამბავი და არ შემიძლია მოგითხრო, შენ კი სწრაფად გაიქეცი, რომ მწარე სიკვდილით არ მოკვდე".
უთხრა მას წმინდა გიორგიმ: "ყველაფერი მითხარი და მეც შენთან ერთად მოვკვდები და შენ არ მიგატოვებ". უთხრა წმინდანს ქალმა: "ბატონო, ეს არის ქალაქი ლასია და არის ის კეთილსაცხოვრებელი ადამიანთათვის. და ამ წყალში დაბადებულია ვეშაპი, ჭამს იგი ამ ქალაქის ადამიანებს და სპობს ხალხს, მე ვარ ერთადერთი ასული მეფისა. მამაჩემმა ბრძანება გამოსცა, რომ ყველას რიგ-რიგობით თავისი შვილი უნდა მიეცა მისთვის. ახლა, როცა ყველამ შეასრულა იგი, მოვიდა მამაჩემის რიგიც და გამომგზავნა მე ვეშაპის შესაჭმელად. აი, მოგითხრე შენ ყველაფერი: ახლა კი წადი მშვიდობიანად". მოისმინა რა ეს ყველაფერი წმინდანმა, უთხრა მას: "ამიერიდან ნუღარ გეშინია და ნუღარც კანკალებ, არამედ მითხარ, რომელ ღმერთს ემსახურებიან მამაშენი და მასთან მყოფნი?" უპასუხა მას ქალმა: "ჰერაკლეს, აპოლონს, სკამინდროსს და დიდ ღმერთს არტემიდას". უთხრა მას წმინდანმა: "ნუ გეშინია, უშიშრად და გაბედულად იდექი". მიაპყრო თვალები წმინდა გიორგიმ ღვთის მიმართ და თქვა: "ღმერთო, რომელიც ზიხარ ქერუბინებზე ზევით და ხედავ უფსკრულსაც, რომელი ხარ და რჩები ჭეშმარიტ ღმერთად, თვით იცი ფიქრები ადამიანებისა, აჩვენე ძალა, სასწაული და საკვირველებანი შენი მონის მოსეს მიერ, ასევე აჩვენე ჩემზე შენი წყალობა და ყავ ჩემთვის კეთილი სასწაული და ფეხქვეშ დამიმორჩილე ეს ბოროტი მხეცი, რათა ყველამ გაიგოს, რომ შენ ჩემთან ხარ". მოვიდა ზეციდან ხმა, რომელიც მას ეუბნებოდა: "გიორგი, შესმენილ იქნა შენი ვედრება უფლის მიერ. რაც გინდა, გააკეთე, რადგან მე შენთან ვარ".
უეცრად შეინძრა ლერწამოვანი. შეჰყვირა ქალმა: "ვაიმე, ბატონო ჩემო, გაიქეცი აქედან. აი, აგერ მოდის ბოროტი ვეშაპი". ხოლო წმინდანი გაიქცა ვეშაპის შესახვედრად, გამოსახა მასზე ჯვარის სახე და თქვა: უფალო ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემ მორჩილად". როგორც კი მან ეს თქვა სულიწმინდის შეწევნითა და მისი ლოცვით დაეცა ბოროტი ვეშაპი წმინდანის ფეხებთან. წმინდა გიორგიმ უბრძანა ქალს: "მოიხსენი სარტყელი და აქ მომეცი". ისიც ასე მოიქცა, წმინდა გიორგიმ შეკრა ვეშაპი, მისცა ქალს და უთხრა: "წადი ქალაქისაკენ". ხალხმა რა იხილა ეს საკვირველი სასწაული, დაფრთხა და უნდოდა გაქცევა ვეშაპის შიშით, მაგრამ წმინდა გიორგიმ მათ უთხრა: "ნუ გეშინიათ, დადექით და იხილეთ ღმერთის ცხოველმყოფელობა ". უთხრა მათ: " იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს, რომ მან არ დაგხოცოთ თქვენ ".
მაშინ შეჰყვირეს მეფემ თავის დიდებულებთან ერთად და მთელმა ხალხმა და თქვეს: "გვწამს, ბატონო, მამა და ძე და სული წმინდა". მაშინვე იშიშვლა წმინდანმა თავისი ხმალი, მოკლა ვეშაპი და ქალიშვილი დაუბრუნა მეფეს. შეიკრიბა მთელი სიმრავლე ხალხისა და ფეხებზე კოცნიდნენ წმინდანს და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ წმინდა გიორგიმ მოიწვია ალექსანდრე ეპისკოპოსი და ნათელი სცა მეფეს, დიდებულებს და მთელ ხალხს. თხუთმეტი დღის განმავლობაში ორმოცდახუთიათასმა კაცმა ნათელიღო. და შეიქმნა დიდი სიხარული ქალაქში. მეფემ მთელ ხალხთან ერთად ააშენა ძვირფასი ტაძარი ღვთის სადიდებლად და მოწამის საპატივცემულოდ. როცა დაამთავრეს ტაძარი, მოვიდა წმინდა გიორგი და აჩვენა სხვა საკვირველება: შევიდა ტაძარში და ეკლესიის საკურთხეველში აღმოადინა მაკურნებელი წყალი, და არის იგი დღემდე ჩვენი ღვთის-ქრისტეს მორწმუნეთა საკურნებელად. სხვა მრავალი და დიდებული საკვირველებანი აღასრულა წმინდა მოწამე გიორგი ღვთის მიერ მოცემული მადლით იმ ქალაქში ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.

წმინდა გიორგი


წმინდა გიორგი ქრისტიანულ ჰაგიოგრაფიაში (დაახ. 275 - 23 აპრილი, 303) იყო კაბადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური, რომელიც ქრისტიან დიდმოწამედ შერაცხეს. მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი. უკვდავყოფილ იქნა გიორგისა და დრაკონის ნაამბობით და ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია.

ბიოგრაფია

გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში.მესამე საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი პოლიხნორია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.

წმინდა მოწამე დეოკლიტიანე მეფის დროს ტრივონთა მეთაური იყო. დეოკლიტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.

გადმოცემით ამ დროს გამობრწყინდა ყოვლად წმინდა სამების ახოვანი მხედარი, რომელიც მეფესთან შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა ცბიერება და მისი მიმდევარი კი გაკიცხა. დეოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომაც პირმოთნეობა დაუტევა, ჭეშმარიტი სახე სიბოროტისა გამოავლინა და მისი ტანჯვა განიზრახა. თავდაპირველად მეფემ მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. წმინდანის ხორცის შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. როცა ამგვარად ვერაფერი დააკლო, დეოკლიტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა. მაგრამ ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა და ასე განახლებული ბრწყინვალებით წარდგა მეფისა და მისი მეგობრის მაგნენტიონის წინაშე. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, რისთვისაც ქალაქგარეთ თავისმოკვეთით დასაჯა ისინი. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა, რომელმაც დეოკლიტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, დედოფალი დაატყვევეს. ქრისტეს მხედარი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, წმინდა გიორგი ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. გამძვინვარებულმა მეფემ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელები ჩააცვა ფეხზე და აიძულა ერბინა. ამავე დროს სასტიკად გაშოლტეს, რის შედეგაც მაგნენტიოსმა დაფლული მკვდრის სასწაულთქმედებით გაცოცხლება სთხოვა.

წმინდა გიორგიმ ილოცა და საკვირველებაც აღსრულდა: საფლავს თავი აეხადა, საიდანაც გამოვიდა მიცვალებული, იგი ფეხებში ჩაუვარდა და უფალს დიდება შესწირა, ხოლო მეფის კითხვაზე, ვინ არის და რამდენი ხნის გარდაცვლილი, მკვდრეთით აღმდგარმა უპასუხა:„მე ქრისტეს მოსვლამდე ვცხოვრობდი და კერპთა საცთურისათვის აქამდე ცეცხლში ვიწვოდიო“. ამ დიდებულმა სასწაულმაც მრავალი ქრისტიანი შეჰმატა ეკლესიას, მათ შორის ნეტარი გლიკერიც, რომელიც ღმრთის აღიარებისათვის მახვილით დაისაჯა. ათანასე გრძნეული, რომელმაც დაინახა თუ არა გრძნეულების უძლურება, ჭეშმარიტება აღიარა და ქრისტეს მსხვერპლად შეიწირა. მთავარმოწამე კერპთმსახურთა ტაძარში შევიდა და უბრძანა კერპს, ეთქვა, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. ხოლო ეშმაკის პირით კერპმა მეყსეულად აღიარა:„ქრისტეა ერთადერთი ღმერთიო“, რის შედეგაც ყველა კერპი შეიძრა და შეიმუსრა. ეშმაკის მსახურებმა ვეღარაფერი გააწყვეს წმინდა გიორგის წინაშე, შეიპყრეს იგი და დეოკლიტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ილოცა და უმახვილოდ განუტევა სული.

Tuesday, June 23, 2009


ს ა თ ა ფ ლ ი ა 


სათაფლიას კარსტული მღვიმეები მდებარეობს ქუთაისიდან 7 კილომეტრის დაცილებით, კავკასიონის ქედის ქვემო კალთებზე, ზღვის დონიდან 500მ სიმაღლეზე და სათაფლიას სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილია. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე, რელიქტური და ენდებური ნიმუშებით, რამდენიმე კარსტული მღვიმე და დინოზავრის ნაკვალევი. ნაკრძალში 5 კარსტული მღვიმეა, ამათგან მხოლოდ ერთი №1 მღვიმეა საექსკურსიოდ გამოყენებული. პირველი მღვიმე 1925 წელს აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს. მღვიმის საერთო სიგრძე 600 მეტრია, სიმაღლე-სიგანე 15/5 მ. მღვიმეში თერმომეტრი უცვლელად აჩვენებს 11 გრადუსს. ჩასასვლელშივე ყურადღებას იპყრობს წყლის ჩხრიალი, რომელიც იქვე ხელმარცხნივ ბნელი ყელიდან მოისმის. ეს ის ბუნებრივი ხვრელია საიდანაც ჭაბუკიანი პირველად შემოვიდა ამ მღვიმეში. ხოლო კიბეები და თანამედოვე შესასვლელი ხელოვნურადაა შემდეგ გაკეთებული. ამ პატარა მდინარემ, რომელიც სათავეს მღვიმიდან 200 მ-ის დაშორებით იღებს, 30 მილიონი წლის განმავლობაში გამოკვეთა ეს მღვიმე. მარჯვნივ და მარცხნივ სტალაქტიტების და სტალაგმიტების ტყეა. 50-იოდე მეტრში განთავსებულია უზარმაზარი დარბაზი,რომელსაც პირობითად №1 დარბაზი ეწოდება. მისი სიმაღლე 15 მ. ხოლო სიგრძე 35 მ. დარბაზის ცენტრში აღმართულია დიდი ზომის სოკოსებური სტალაგმიტი და მოქმედი სტალაქტიტი, საიდანაც ნაჟური წყალი მოედინება. პირველი დარბაზის დასასრულს და მეორეს დასაწყისში მოჩანს სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების მტევნისებრი, სოკოსებრი, ბოლქვისებრი, ნაოჭა ფორმები, კედლის მოფარდაგებები. სტალაქტიტები და სტალაგმიტები ზოგან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს, რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს. მეორე დარბაზი პირველთან შედარებით მცირეა. ბოლო მესამე დარბაზში კი განლაგებულია მღვიმის ჩანჩქერი, რომელიც ათმეტრიან ჭაში ვარდება. ჭის ფსკერზე იქმნება პატარა ტბა, საიდანაც წყალი გაედინება ქ. ქუთაისის მხარეს, მდინარე ოღასკურას სახელწოდებით.


მ ო წ ა მ ე თ ა


ქუთაისიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთით მდინარე წყალწითეალს თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ მოწამეთაში მდებარეობს მოწამეთის მონასტერი. აქ მოხვედრა შეიძლება როგორც რკინიგზით, ისე სამანქანო გზით.

1958 წელს ქუთაის-ტყიბულის გზატკეცილიდან მონასტრამდე სამი კმ-ის სიგრძის სამანქანო გზა მოიყვანეს. იგი გვერდით ჩაუვლის სოფელს, გადაჭრის რკინიგზის ლიანდაგს და დასავლეთიდან მიადგება მდინარე წყალწითელას ხეობაში ღრმად შეჭრილ ციცაბო კლდოვან მაღლობს, სადაც მოწამეთის მონასტერი მდებარეობს.

მოწამეთის მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, საქართველოს ძველი ისტორიის ბრწყინვალე მღაღადებელი, თავის წარმტაცი ხატოვანი ბუნებით წარუშლელ შთაბეჭდილებას რომ ტოვებს მნახველზე. გალავნით შემორტყმული კლდოვანტყიანი მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული, ბუნება აქ ღარიბი არაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე. როცა მწვანე სამოსში გაეხვევა ირგვლივ მდებარე მთა-გორები, მაგრამ მაინც პირქუში იერი აქვს. სამი მხრივ ამ ადგილს მდ. წყალწითელა უვლის გვერდს. წყალწითელას ხეობა, სადაც მონასტერი მდებარეობს, ერთ-ერთ დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა და იგი უდიდეს როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამას ადასტურებს აღნიშნული ხეობის ძეგლები, რომელთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოწამეთის ხუროთმოძღვრულ კომპლექსს.

მოწამეთის შესახებ ერთ-ერთი ადრეული ცნობა დაცულია წმინდანთა ცხოვრებაში: `ადგილსაი მას, რომელსა ჰქვიან წყალწითელი, რამეთუ იყო ადგილი იგი ციხე-ქალაქ და ერ მრავალ~. მართლაც სტრატეგიული თვალსაზრისით `წყალწითელი~ უაღრესად მოხერხებული ადგილია. იგი მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეებითაა დაცული. სწორედ ამიტომაც ეს ციხე საშუალო საუკუნეებში მეტად მნიშვნელოვან სამხედრო – სტრატეგიულ პუნქტად გვევლინება.

მე-18 ს. დიდი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი კი მურვანის ლაშქრობის ამბავს ასე გადმოგვცემს: `შემდგომად გამეფდა ძე-სტეფანოზისა მისი. ამის მეფობის მეოთხე წელსა... მოვიდა მურვან ყრუ, დისწული მაჰმადისა სპითა უამრავითა, ვერვინ წინაღუგდა, შემუსრა სომხეთი, ქართული, რანი და ყოველი კავკასია, ხოლო სცნა რა მეფისა ეგრისს ყოფნა შავიდა არგუეთს და მუნ ეწყუნენ მენებურნი მთავარნი დავით და კონსტანტინე და მოსწყიდნენ სპათა მისნი მრავალგზის~.

მტერმა მოაოხრა არგვეთის სამთავრო და ბუნებრივია, ვერც ციხე სიმაგრე `წყალწითელი~ გადაურჩა მათ რიცხვს. წმინდანთა ცხოვრებაში ვკითხულობთ: `რამეთუ ყრუსა მურვანსა გამოეღო ეოხა და დაეწვა~. დიდი წინააღმდეგობა გაუწია არგვეთის მთავრებმა. `აღიზახა ვითარცა ლომმან, და აოტნეს და განაბნინეს იგინი და ურიცხვი მოსრნეს~. მაგრამ აღესრულა მურვან-ყრუს ბრძანება და დავით და კონსტანტინე შეიპყრეს.

`ვინ ხართ თქვენი, ქვათა და ძელთა მსახურნო, რომ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა გაგიბედიათ? იქნებ არც გაგიგიათ, რომ მე დიდი ალლაჰის მოციქულის, მუჰამედის დისწული ვარ, იმ მუჰამედისა, რომელსაც ჰმონებს სრულიად არაბეთი და სპარსეთი~. და მაშინვე უპასუხა დავითმა: `ეგ შენი ქადილი ცუდი და ამაოა, რაც შეეხება დედაშენის ძმას მუჰამედს, ეგ სიქადულიც ფუჭი და უქმია, რამეთა ის მუჰამედია მაცდური და დამღუპველი მთელი თქვენი მოდგმის~. 

დიდხანს სცემდნენ გახელებით და გამეტებით ხოლო ისინი იწვნენ მდუმარედ და უდტვრინელად ღებულობდნენ ყოველ დარტყმას. მურვან ყრუმ უთხრა: `დაუტოვე ქრისტეს ჯვარი, იგი ხომ შეშაა და სხვა არაფერი, მიიღე სჯული მუჰამედისა და იქნები ჩემი ჯარების უფროსი~. უპასუხა დავითმა: - `ნათელი დაუტევოთ და ბნელს შეუდგეთ? ჩვენ ღმერთმა მოგვიწოდა ნათელისაკენ, მზად ვართ ქრისტეს სახელისთვის ყოველსავე ტანჯვასა, ცეცხლსა, წყალსა, მახვილსა და სიკვდილსა~. 

`ჩვენ ყურანში წერია, რომ ქრისტე მარიამის ძე კაცად შობილი და იძახდა ღვთის ძე ვარო, ამიტომ შეიპყრეს და ძელზე გააკრეს, ხოლო მუჰამედმა სპარსნი და არაბნი მოაქცია და ჭეშმარიტ ღმერთს შეაწყნარა~. ამაზე დავითმა მწარედ გაიღიმა და თქვა იქ წერია: - `სახერებიდან ისწავლეთო, გარნა თქვენ უგულისხმონი ხართ, ამიტომ არც წიგნი იცით არც ღვთის ძალა~.

ახლა კონსტანტინეს მიუბრუნდა არაბთა სარდალი `შენ რას იტყვი ყმაო~. კონსტანტინემაც დასძრა `ხმაი დამამხობელი~. `არც მევემორჩილები შენ ბრძანებას იმასვე ვიწამებ და ვაღიარებ, რაც ჩემმა ძმამ დავითმა აღიარა~. ათი დღე აწამეს ძმები და ათი დღის შემდეგ კიდევ სცადეს მოლაპარაკება, მაშინ უკანასკნელად დასძრა ენა დავითმა: - `ვიტყვი მხოლოდ იმას რაც თავში ვთქვი, მზად ვართ ქრისტესა და სარწმუნოების გულისთვის, თავი მივცეთ შიმშილს, წყურვილს, ცეცხლსა და წყალს, მახვილსა და ხმალს, ხოლო საბოძვარი არის საძულველ და საძაგელ წინაშე თვალთა ჩვენთა~. ორივე გააშიშვლეს და ხეზე დაჰკიდეს, მძიმე ხელკეტებით სცემეს, შემდეგ ჩამოხსნეს, ქედზე ლოდები დააკრეს და მდინარეში გადაყარეს.

`ხოლო იქმნა მას ღამესა სასწაული, საშინელი და სასმენად საზარელი, უჩვეულო იყო ცაც, წყალიც, ხმელიც მაღლობიც და დაბლობიც. მთვარეც სრულქმნილი, მთვარეც მიარღვევდა ღრუბელთა უსქესს კრედსამბელს~. სამსვეტოვან შიქ-ჭავლად დაადგა ძმებს მთვარის შუქი ბრწყინავდნე `ვითარცა მთიები განთიადისადმი~. წყლიდან ამოასვენეს მარტვილნი, წყალწითელის ხევში ღრმად ჩაჭრილ კლდოვან ყელს ჩაუდგა პროცესია, აქ ადრე ხარების სახელობის ეკლესია იდგა. ნაეკლესიარში ძველთაძველი აკლდამა იყო, ამ აკლდამაში დაასვენეს მოწამენი, ამ ადგილას მოწამეთა ეწოდა. 

XI საუკუნეში ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები. 

როგორი სახე უნდა ჰქონოდა ეკლესიას თავდაპირველად, რასაკვირველია, ძნელი სათქმელი, მაგრამ ეკლესია შიგნით მცირე ფართობისა იქნებოდა. საკურთხეველი მოთავსებული იყო და არის ჩრდილოეთის მხარეს. ეკლესიას გუმბათი არ ჰქონდა. მე-19 საუკუნეში ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 1844-45 წლებში ლევან, მოსე და ფილიპე ბერეკაშვილებმა შეაკეთეს და გააფართოეს მოწამეთის ეკლესია იმერეთის ეპისკოპოსის დავით წერეთლის ხელმძღვანელობით. სამუშაოები მთლიანად დასრულდა 1865 წელს. დასრულდა იგი ხარების ეკლესიის შიგნით კანკელის გადაკეთებით. 1922-24 წლებში ჩვენში დაიხურა ეკლესია-მონასტრები, დაინგრა არქიტექტურის ძეგლები, დაიწვა უნიკალური წიგნები, დაიღუპა ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები და სხვა.

მოწამეთის ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა 1954 წელს, რაზედაც მიუთითებს დასავლეთის მოსაცდელში დაცული წარწერა. მასში მოხსენიებულია ქუთატელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი, ქუთატელ-გაენათელი ეპისკოპოსი ნაომი `შავიანიძე~, მღვდელი სულაკაძე, რომელთა მეოხებით აღდგენილი იქნა წირვა-ლოცვა. ამ დროს გადაასვენეს დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ქუთაისის მუზეუმიდან მათს სამკვიდრებელში – მოწამეთის მონასტერში.

მოწამეთის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტს, ორი საკურთხევლის შვერილია, ეკლესიას აქვს ორი კარი, დასავლეთის და სამხრეთის. საკურთხეველი ჩრდილოეთ მხარეს აქვს, რაც მეტად საინტერესოა. შეიძლება ეს განაპირობა იმან, რომ ყველაზე საპატიოადგილს აღმოსავლეთის მხარეს დაკრძალული იქნენ წმინდა მოწამე დავით და კონსტანტინე, ამიტომაც საკურთხეველი ხუროთმოძღვარმა გადაიტანა ჩრდილოეთით. 

საკურთხეველი გადატიხრულია XIX საუკუნის ხის კანკელით, რომელზედაც წარმოდგენილია სიუჟეტები სახარებიდან და წმინდანთა ცხოვრებიდან. საკურთხევლის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე, დევს ხიდან დამზადებული ლუსკუმი, რომელშიც მოთავსებულია წმინდანების ნეშტი. ლუსკუმი დამზადებულია ვინმე სულთანოვიჩის სახსრებით, ქვემოთ დატოვებულია ადგილი, რომ მორწმუნეებმა ჩოქვით გაიარონ. 

ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლო, მასზე წარწერაა: რომ აგებულია იმერეთის მიტროპოლიტის დავითის განკარგულებით 1845 წელს. იქვეა ეკლესიის მსახურთა საცხოვრებლები.დასავლეთით გრძელი მოსაცდელი, აგებულია ძველ ნაეკლესიარზე, მოსაცდელზე 1960 წელს წინამძღვრის სახლი დაუშენებიათ. ეზოში დაკრძალულნი არიან XIX-XX საუკუნეების მსახურნი ამ მონასტრისა. 

მოწამეთის მონასტერი საყურადღებო ძეგლია, როგორც ისტორიული ისე საკულტო დანიშნულებით. მას საპატიო ადგილი უჭირავს ქართველი ერის კულტურის საგანძურში.




გ ე ლ ა თ ი

გელათის მონასტერი -- ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

არქიტექტურა 
 

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან მთავარ ტაძარს ორ ბოძსა და საკურთხეველის კედლებზე დაყრდნობილი გუმბათი აქვს, აღმოსავლეთ მხარეს კი - სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდი. ეკლესიისათვის სხვადასხვა დროს მიუშენებიათ: დასავლეთ მხარეს - სტოა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კი ეკვდერები. ტაძრის ფართობი მინაშენების ჩათვლით დაახლოებით 35 მ x 36 მ სიმაღლე 34 მ-მდე. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით, ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღედებით და თითქმის სრულიად მოკლებულია ჩუქურთმებს. ფართო და უხვად განათებული შიგა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს. კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით.

მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. შიგნიდან კედლები დაფარულია XVI საუკუნის მოხატულობით. მთავარი ტაძრიდან 9 მ-ზე აღმართულია XIII-XIV საუკუნეების წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული ჯვარისებრი მოხაზულობის პატარა ეკლესიაა. მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთით XIII საუკუნის სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი - თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური - წყაროზეა დაშენებული. მის თავზე პატარა სათავსია, ხოლო სულ ზემოთ - სამრეკლო.

გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა შენობას (ფართობი დაახლოებით 300 მ²) აღმოსავლეთით სამი შესასვლელი ჰქონია. მოგვიანებით შუა შესასლელისათვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომები იყო გაყოლებული. შენობას დიდი სარკმლები ანათებდა, კედლები მოხატული ჰქონდა.

მოხატულობა 

მთავარი ტაძრის კონქში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა, დასავლეთ სტოაში - XII საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება, ხოლო სამხრეთ ეკვდერში - დავით ნარინის ორი, XIII საუკუნეში შესრულებული პორტრეტი. მოხატულობა არაერთხელ განუახლებიათ. განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები (XVI ს.): ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება, რომელიც, როგორც ჩანს, ადრინდელ მხატვრობას მიეკუთვნება, მაგრამ XVI საუკუნეში აღუდგენიათ ძველი ნახატის მიხედვით.

კომპლექსი 

გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით, მთავარ შესასვლელში, დავით აღმაშენებლის საფლავია. გელათის მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო, ტერიტორიულად ახლოს მდებარეობდა სამეფოს პოლიტიკურ ცენტრთან - ქუთაისთან, აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III, თამარი (თამარის ისტორიკოსების ცნობით) და სხვა. იმერეთის მეფეები: ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა.

გელათის მონასტერი ერთ-ერთი მდიდარი ფეოდალური სენიორია იყო. მის მფლობელობაში ითვლებიდა ვრცელი მიწა-წყალი. მეურნეობაში წამყვანი დარგი იყო მიწათმოქმედება, განვითარებული მევენახეობა, ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა.


ისტორია 


XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XIII საუკუნის II ნახევარსა - XV საუკუნეში ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიური დაკნინების გამო (მონღოლების, თემურლენგის შემოსევები, გამწვავებული შინაფეოდალური საადგილმამულო ბრძოლები) გელათის მონასტრის ეკონომიური და კულტურული ცხოვრება შეფერხდა. მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა გიორგი ბრწყინვალემ.

საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახევარი) შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო და საამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს - კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები. ბაგრატ III-ს თანამედროვენი გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებდნენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძე. XVI საუკუნის 20-იან წლებში ბაგრატ III-მ გელათის მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკური-მორალური და ეკონომიური მდგომარეობა. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.

XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. XVIII საუკუნის დამლევს მონასტერი ფლობდა 42 სოფელს.

იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1810) შემდეგ გელათის მონასტერი საეკლესიო სენიორიიდან სახელმწიფო დაწესებულებად - შტატის მონასტრად იქცა.

ჯერ კიდევ XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის თაოსნობით, გელათის მონასტერში დიდი შემოქმედებითი საქმიანობა გაჩაღდა. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე (1557-1578), ექვთიმე საყვარელიძე (1578-1616), გედეონ ლორთქიფანიძე (XVII ს.), ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი და სხვა.


მემკვიდრეობა 


გელათის მონასტერში ინახებოდა მდიდრულად მორთული და მინიატიურებით შემკული ქართული ხელნაწერები, რომელთა დიდი ფონდი აქ ძველთაგანვე არსებობდა, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნების ბევრი შესანიშნავი ნიმუში (მაგ. ხახულის ღვთისმშობლის ხატი). გელათის მონასტრის ზღუდის გარეთ დაახლოებით 150 მ-ზე, მის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, შემორჩენილია სოხასტერის მონასტრის (საყუდებულ ბერთა სამყოფელი) ნანგრევები - ეკლესიების, კოშკის ტიპის საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ნაშთები. მონასტრის სამხრეთ-დასავლეთით მაღალ კონცხზე წმ. საბას სახელობის დარბაზული ეკლესიის (X-XI სს.) ნანგრევებია. მის მახლობლად, გზის გაღმა, წმ. ილიას სახელობის ეკლესიაა. მოშორებით, მდინარე წყალწითელის ხეობაში, ე. წ. "დავითის კონცხზე", მტრის თავდასხმისაგან მონასტრის დამცველი დიდი მრგვალი კოშკის ნანგრევები.

1923 წელს გელათის მონასტერი დახურეს. ამჟამად იგი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალია.