Tuesday, June 23, 2009

ქ უ თ ა ი ს ი

ქუთაისი – ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 186 ათასი (2002 წ.). ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები: უნივერსიტეტი, ინსტიტუტები, თეატრები, გალერეები.


ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით: «მოხირისის მხარეს ჩამოუდის ერთი მდინარე, სახელად რეონი; მის სანაპიროებთან ძველადვე კოლხებს აუგიათ ციხე... მაშინ ამ ციხეს კოტაიონს უწოდებდნენ ელინურ ენით, ამჟამად კი მას ლაზები ქუთათისს ეძახიან... სხვები კი ამბობენ, ძველ დროში ამ ადგილას ქალაქი იყო და კვიტაიონი ეწოდებოდაო; აქაური იყო აიეტი, რის გამოც პოეტები მას კვიტაიელს ეძახდნენ, კოლხიდის ქვეყანას კიკვიტატიდსო»


შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში — აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის ციხე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

ეტიმოლოგია 

ქუთაისის დაარსების ისტორია და სახელწოდება დღემდე კამათის საგანია. ესეც, ისევე როგორც ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხი, სამეცნიერო ჰიპოთეზების საგანია. წყაროთა მონაცემები მწირია. ასევე ზოგადია ცოდნა ძველი ქუთაისის გარეგნული იერ-სახის შესახებაც. ისტორიკოსი დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის (XIX ს.) ცნობით: «ამბობენ მითომ ქუთაისის სახელი შემდგარიყოს სამთა სიტყვათაგან: ქვა მთა ისი (ესე იგი ქვიან მთაზედ ქალაქი) და შემდგომ ჟამთა ცვლილებისა, უწოდებენ აწ ქუთაისი»



აია-კოლხეთის დედაქალაქი კჳტაიისი [კოტაისი, კუტაია, კჳტაჲა] პირველად ელინისტური ხანის ბერძნულ თხზულებებში იხსენიება. მათ შორის უმთავრესია აპოლონიოს როდოსელის "არგონოვტიკა" (ძვ. წ. III ს.), ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ბერძენთა ლაშქრობის შესახებ დაწერილი პოემა. «აქ კჳტაიისის ხმელეთსა და კირკეონის ველზე ამარანტების შორეული მთებიდან მორევიანი ფაზისი მიაგორებს ფართო ნაკადს ზღვისაკენ. როცა ამ მდინარის შესართავთან მიაცურებთ ხომალდს, დაინახავთ კჳტაიელი აიეტის კოშკებს და არესის ჩრდილოვან ჭალაკს, სადაც მუხის წვერზე ჩამოკიდებულ საწმისს... უთვალთვალებს საზარელი დრაკონი»
 


"კჳტაიისის ხმელეთი", ანუ ქუთაისი მისი მიმდებარე მიწებით ბიზანტიელ ავტორებთან "მოხირისად" იწოდება; ქართულ მატიანეებში XI საუკუნიდან ამ სახელწოდებას "ქუთათისის ქუეყანა" ცვლის, XVIII საუკუნეში კი - "ვაკე". XVIII საუკუნეში "ვაკის" მცხოვრებნი იმერეთის მეფის ერთგულებაზე იფიცებდნენ და განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ, მათ "ფიცისკაცები" ეწოდებოდათ.

დაარსება 

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. არქეოლოგიური მონაცემებით, დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია და შემოგარენი უკვე ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე ძვ. წ. VIII-VII საუკუნის ვრცელი დასახლების კვალია შემორჩა. ქალაქის განვითარება შემდგომში ამ ადგილს უკავშირდება.

ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია ქუთაისს ე.წ. „მინოსის ხანას“ (ძვ. წ. XVII-XV სს) მიაკუთვნებს. მინოსი, ხელმწიფე კრეტაზე, და აიეტი ძველ ბერძნებს თანადროულ, მოკავშირე და დამოყვრებულ (სიძე-ცოლის ძმა) მეფეებად მიაჩნდათ. ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც ქუთაისი ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი, ეგრისი, ლაზეთი) პირველი ქალაქის მდგომარეობას.

ეგრისის პერიოდი 

III-V საუკუნეებში, ეგრის-ლაზიკის სამეფოს დედაქალაქის ხანაში, ჩამოყალიბდა ქალაქის აღნაგობა, რომელიც შემდეგ საუკუნეების მანძილზე უცვლელი დარჩა. დღევანდელი არქიელის გორაზე ჯერ ციტადელი გაშენდა, შემდეგ კი მას იქვე შიდაქალაქი დაემატა, რომლის გალავანშიც დიდი სასახლე იყო აღმართული. მოგვიანებით რიონის მარცხენა ნაპირისკენ გალავანშემოვლებული ქვედაქალაქი გაიშალა.

VI საუკუნეში ქუთაისი ეგრისის სატახტო ქალაქი იყო. VIII საუკუნის ბოლოს იგი უკვე ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქია. ბიზანტიის ვასალობიდან გამოსვლის შემდეგ, ლეონ აფხაზთა მთავარი "აფხაზთა მეფედ" ეკურთხა და ანაკოფიიდან ქუთაისს გადმოვიდა.

შუა საუკუნეები 
 
978 წელს ბაგრატ III-მ ახლადგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი ქუთაისში გადაიტანა. ამ დროიდან 1122 წლამდე ქუთაისი საქართველოს სატახტო ქალაქის ტიტულს ინარჩუნებდა. ბაგრატ III-ის პერიოდში ქალაქმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე: განახლდა სამეფო სასახლე და ციხე-გალავანი, ხოლო 1003 წელს ეკურთხა ღვთისმშობლის მიძინების ახალი ტაძარი. ეს ტაძარი საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, ამიტომ მისი კურთხევა განსაკუთრებულ მოვლენად იქცა. მეფე ბაგრატმა "აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწვდომელითა, რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ჴელმწიფენიდა კათალიკოსნ, მღვდელმთმოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღუარნი, და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხუათა ყოველთა საჴელმწიფოთანი" (ქართლის ცხოვრება).

1089 წელს ქუთაისში მეფედ ეკურთხა დავით აღმაშენებელი, რომელმაც 1106-1125 წლებში ქუთაისთან ახლოს ააგო გელათის ტაძარი და უმაღლესი სასწავლებელი - აკადემია, რომელიც "მეორე იერუსალიმად" და "სხუად ათინად" იწოდებოდა. გელათი მთელი საქართველოსთვის სიბრძნისა და სიწმინდის კერად იქცა.

1122 წელს, როდესაც დავით აღმაშენებელმა პირველობა არაბთაგან განთავისუფლებულ თბილისს მიანიჭა, ქუთაისი ერთიანი საქართველოს მეფეთა სამყოფლად დარჩა. სამეფო რეზიდენციად რჩებოდა გეგუთის სასახლეც, რომელსაც "საყდარსა დავითიანსა" უწოდებდნენ. ქუთაისი სამეფო კარის თავშესაფარი და დედაქალაქი ხდებოდა, როდესაც მტრები თბილისს იღებდნენ. ასე იყო 1226 წელს ჯალალ ად-დინის შემოსევისას და 1235 წელს მონღოლთა მიერ აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობისას.

ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ (1489-1810) ქუთაისი კვლავ იმერეთის სამთავროების სამეფო დედაქალაქია. 1386 წელს დაწყებულმა თემურლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა 1403 წელს ქუთაისამდეც მოაღწია. ქალაქი აოხრდა და მოსახლეობა გაიჟლიტა. ამ ლაშქრობის შემდეგ დაიწყო ქუთაისის დაქვეითება. XV საუკუნის იტალიელი მოგზაურისთვის ქუთაისი უკვე ერთ პატარა ბორცვზე მდებარე ქალაქია (ჯოსაფატ ბარბარო, XV ს.).

1555 წლის ირან-ოსმალეთის ზავის შემდეგ იმერეთის სამეფო ოსმალეთის ვასალი გახდა. 1510 წელს ქუთაისს "თათარნი მოვიდნენ და დაწვეს დიდი მონასტერი გენათისა შიგნით და გარეთ, და ქუთათისი და საყდარი, და სხუანი ეკლესიანი" (ქართლის ცხოვრება). 1669 წელს ოსმალებმა უკვე მთელი საუკუნით დაიკავეს ქუთაისის ციხე. 1691 წელს ბაგრატის ტაძარი დაანგრიეს. XVIII საუკუნეში ქალაქი არაერთხელ ოდიშის მთავარ ლევან დადიანსაც არაერთხელ დაურბევია და გადაუწვავს, რაზეც მოწმობს წარწერა ილორის წმ. გიორგის ტაძარზე.

ქუთაისი ამ პერიოდში სუსტი იყო, თუმცა ვაჭრობა მაინც ხერხდებოდა. კათოლიკე მისიონერი არქანჯელო ლამბერტის (XVII ს.) ცნობით: «მთებიდან ჩამოდიან სვანები, რომელთაც ჩამოაქვთ თავისი შინაური ნაწარმი... და ჩამორეკენ ხოლმე თხებს და ცხვრებს. ქართლიდან მოდიან ქართველები და ირანელები, რომელთაც მოაქვთ ირანული შალები და ინდოეთის ფერადი ქსოვილები, ტყავები, დამარილებული თევზი კასპიის ზღვიდან, ხიზილალა და სანელებლები. თურქები სამცხის მხრიდან მოდიან და ბლომად მოაქვთ თავისი სავაჭრო. მაგალითად: უნაგირები და ცხენი საკაზმავები, ხალები, ხანჯლები და თურქული ზანდუკები»


მიუხედავად დაკნინებისა, იმერეთის სატახტო ქალაქი თავის ოდინდელ აღნაგობას მეტ-ნაკლებად მაინც ინარჩუნებდა. ქალაქის მთავარი ნაწილი კვლავაც ძველი ცენტრი იყო: შიდაციხე და გალავნიანი შიდაქალაქი, სადაც ბაგრატის ტაძარი იყო აღმართული. ქალაქის ამ ნაწილს "დიდ ქუთაისს" ან "ზედაქალაქს" უწოდებდნენ. XVIII ს.-ში ჯერ კიდევ არსებობდა მთის ფერდზე შეფენილი გამაგრებული ქვედაქალაქი, რომელიც რიონის მარცხენა ნაპირზე გადადიოდა და "ჴიდის კარით" იყო დაცული. გალავანს მიღმა დიდ ქუთაისს გარეთუბანი ემიჯნებოდა.

ზედაქალაქის მნიშვნელობის მიუხედავად, ქუთაისი რიონის მარცხენა ნაპირზე, დაბლობზე ვითარდებოდა. უკვე XV საუკუნეში იმერთა მეფეებს აქ გადმოუტანიათ სასახლე და ქალაქის ახალი უბნებიც მის სიახლოვეს გაშენდა. XVII საუკუნეში აქ უკვე რამდენიმე პალატი, სალხინო "ოქროს ჩარდახი", კარის ეკლესია და დიდი ჭადარი იდგა. ამ არემარეს "მცირე ქუთათისს" ეძახდნენ. გალავანს მიღმა მეფის ბაღები და დიდი მოედანი იყო გაშლილი. ამ მოედანზე იმართებოდა მეფის საჯარო შეხვედრები, ეწყობოდა ასპარეზობები - ყაბახი, ჯირითი, ხელშუბის ტყორცნა და თოფის სროლა. მოედნის გაყოლებაზე მდებარეობდა "ახალი ქალაქი", გარეთუბანი, სადაც სავაჭრო რიგები და ვაჭარ-ხელოსანთა სახლები იყო ჩამწკრივებული.

ახალი ისტორია 
1770 წელს მეფე სოლომონ I-მა რუსეთის ჯარის დახმარებით ქუთაისის ციხიდან ოსმალები განდევნა. მეფემ ხონიდან და სხვა ადგილებიდან ვაჭრები გადმოიყვანა და ქუთაისში "ქალაქობა" (ბაზრობა) აღადგინა. ამ პერიოდიდან ქუთაისის აღორძინების ხანა იწყება.

აღმავლობა სოლომონ II-ის პერიოდშიც გრძელდება. 1800 წელს დაარსდა პირველი სტამბა, გაიხსნა ასამდე სავაჭრო სახლი, სახე იცვალა ქალაქის მოსახლეობამ. XVIII საუკუნეში ქალაქში მოვაჭრე სომხებს, ებრაელებსა და თურქებს, მოგვიანებით სოლომონ II-ის მიერ ახალციხიდან გადმოსახლებული კათოლიკე ვაჭრები დაემატა, რომლებმაც XIX ს.-ში დიდი წვლილი შეიტანეს ქალაქურ ცხოვრებაში.

1804 წლის 25 აპრილს მეფე სოლომონ II იძულებული გახდა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობა მიეღო. 1810 წლის 20 თებერვალს რუსეთმა იმერეთში მეფის ხელისუფლება გააუქმა. ქუთაისში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, რუსეთის ჯარი ჩადგა. 1811 წლიდან ქუთაისი იმერეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა, 1840 წლიდან — მაზრის ცენტრი, 1846 წლიდან კი — გუბერნიისა.

ამ პერიოდში მეფეთა სასახლის ადგილი რუსთა მხედრობის ყაზარმებმა დაიკავა. რუსული ადმინისტრაცია ახალ ქალაქში განთავსდა, ხოლო თვით ქალაქის განვითარება რიონის მარცხენა ნაპირზე გაგრძელდა. აქ იყო ძირითადი საცხოვრებელი უბნები, ბაზარი მრავალრიცხოვანი სავაჭრო და სახელოსნო რიგებით, ახალი სამლოცველოები და ყაზარმები. სახლების უმრავლესობა თიხით შელესილი, გარედან კირით შეთეთრებული წნულის იყო. თავადები და მდიდარი ვაჭრები ხის სახლებში ცხოვრობდნენ. 1850-იან წლებშიც კი 481 სახლიდან ქალაქში მხოლოდ 15 ყოფილა ქვის, დანარჩენი კი "იმერული წესით" იყო ნაგები.[2] «კედლები ნაგებია სუფთად გათლილი ხის ფიცრებისგან; ფართო აივნები დამშვენებულია სხვადასხვანაირი რიკულებითა და ბოძებით, და ნაგებობის უკეთეს და ულამაზეს ნაწილს წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი შებურვილია ვაზის რტოებით; ეს არის სტუმრის მისაღები და ოჯახის საყვარელი ადგილი... აივები აქ იგივეა, რაც ბანურ სახურავები ძველ თბილისში... ლამაზია სახლის ინტერიერიც: ჩუქურთმებით შემკული ფართო ხის ტახტები, ოთხკუთხა გუმბათიანი ჭერი, სუფთა ნათალი ქვისაგან ნაგები დიდი ბუხრები, რომლებზეც ამოკვეტილია ნაირ-ნაირი ლამაზი არაბესკები»
 (ვიცე-გუბერნატორი პ. ნგილოსაროვი, 1850-იანი წწ.)


ქუთაისის მოსახლეობა 1860-იან წლებში 6000-ს არ აღემატებოდა. თავადაზნაურობა ძირითადად ქალაქგარეთ ცხოვრობდა. ძველ ქუთაისში სახლობდნენ განდევნილი მეფის მსახურთა და მოხელეთა შთამომავლები. აქვე იყო იმერეთის ეპარქიის მმართველის რეზიდენციაც. რიონის მარცხენა სანაპიროზე გაშლილი ახალი ქუთაისი "ვაჭართა ქალაქი" იყო. მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქართველი კათოლიკები, სომხები და ებრაელები შეადგენდნენ. ქართველ და სომეხ ვაჭრებს უცხოური საქონელი შემოჰქონდათ, ებრაელები წვრილვაჭრები იყვნენ, იმერლები კი ხელოსნები, მიკიტნები და მედუქნეები იყვნენ. ბერძნები პურს აცხობდნენ. XIX საუკუნის დასაწყისში ქალაქს "თათარი" (მაჰმადიანი) ლაზები აშენებდნენ, მოგვიანებით კი იმერელი და ბერძენი ქვისმთლელები და დურგლები გამოჩნდნენ. ამათ გარდა, ქალაქში მცირერიცხოვანი რუსი და პოლონელი სამხედოები და მოხელეებიც იყვნენ. «ცხოვრება ქუთაისში წააგავს ძველი ბერძნების ცხოვრებას... ბაზარი აქ არის, ისევე, როგორც ათენში, სიცოცხლისა და მოძრაობის ცენტრალური პუნქტი. ხელოსანსაც აქ გამოუფენია თავისი ნაწარმი, მუშაობს ხალხის თვალწინ; ყველაფერი სჩანს: როგორ იზილება ცომი, ცხვება პური, იხარშება წვენი მიკიტანთან, იჭედება ცხენი, ილესება დანა, იკერება წაღა, იპარსება თავი. დუქანი და სახელოსნო ღიაა წინიდან და არაფერია დაფარული საზოგადოებისაგან»
 (ფრანგი მეცნიერი ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე, 1830-იანი წწ.)


ქუთაისურ ნაწარმთაგან განთქმული იყო გიშრის ნაკეთობანი, რომლებიც სპეციალურ მაღაზიებში იყიდებოდა. პარასკეობით და კვირაობით გამართულ ბაზრობებზე გარშემო სოფლებიდან ჩამოჰქონდათ სანოვაგე. აქ გახსნილ "იარმუკაზე" უფრო შორიდანაც ჩამოდიოდნენ ვაჭრები, რომელთაც ძირითადად ევროპული საქონელი ჰქონდათ.

XIX საუკუნის შუა წლებიდან ქალაქში ბევრი სიახლე გაჩნდა. ძველი საასპარეზე მოედნის ადგილას 1848 წელს ბულვარი გაშენდა — ხეივნებიანი დიდი ბაღი ზამბახებით, ბზებით, კაფეთი, გრძელი სკამებით და "სატანციო" მოედნით. 1820-იანი წლებიდან ქალაქში უკვე არსებობდა კიდევ ერთი საზოგადო ბაღი-მოედანი, სადაც კვირაობით და სადღესასწაულო დღეებში გარნიზონის ორკესტრი უკრავდა ქართულ საცეკვაო მუსიკას. თუმცა ახალი ბაღი ქუთაისი ნამდვილ ცენტრად გადაიქცა. «თუ ვისიმე ნახვა გინდოდათ აქ შეხვდებოდით, აქ იყო ყოდვა-გაყიდვა, დაგირავება, დაქირავება, ფულის სესხება, მაჭანკლობა, აქ იმართებოდა დებატები, აქ იყო ბირჟა და გამოფენა ადამიანების, სილამაზის, ტანადობის, ტანსაცმლის. ბაღი ყოველთვის სავსე იყო ხალხით, დღითა და ღამით, კვირაუქმე დღე»
 (სამსონ ფირცხალავა, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე)


მოედნის ირგვლივ იყო განლაგებული ქალაქის მთავარი მართლმადიდებლური ტაძრები (წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის "სობორი" და წმ. მთავარანგელოზის ეკლესია), პირველი დიდ სასწავლებლები (კლასიკური გიმნაზია და წმ. ნინოს სასწავლებელი) და ახალი სავაჭრო "ყაფანი". მდიდარი ქუთათურებიც აქვე ცხოვრობდნენ. ქუთათურთა მცდელობით ქალაქი თანდათან ევროპულ იერს იღებდა. ქალაქი საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ცენტრალურ ქუჩებში ხის სახლების მშენებლობის აკრძალვის შესახებ. ხის სახლების ადგილი ნელ-ნელა ქვითკირის ორსართულიანმა ნაგებობმა დაიკავა. გაჩნა ახალი უბნები: ბალახვანი, მწვანეყვავილა, საფიჩხია ბჟოლები, ჭომა და სხვა. ოღროჩოღრო ქუჩები შეცვალა სწორმა, მოკირწყლულმა და განათებულმა ქუჩებმა. ქუჩებს სახელები დაარქვეს.

ამ პერიოდში დაიწყო ქალაქი განვითარება მეწარმოებამ. პეტრე კოკოჩაშვილს "სამაგალითო სუნოვან სასმელი წყლის ქარხანა" ჰქონდა; ოცხელებს — სამღებროები და არყის სახდელები; ჭალიშვილებს — გიშრის, ბამბისა და მატყლის წარმოება; გოკიელებს, ფირალიშვილებსა და მეფისაშვილს — თამბაქოს ფაბრიკები. აქვე იყო აბრეშუმის "ზაოდი", საკონდიტრო საამქორები, მიტროფანე ლაღიძის შუშხუნა წყელბის დარბაზი და ყინულის ქარხანა; ასევე აგურის ქარხნები, ღვინის საწარმოები, შამპანურის ქარხანა. გაიხსნა სასტუმროები: "ფრანცია", "გრანდოტელი", "ლონდონი", "პალასოტელი", "ორიენტი", "ბელვიუ", "იტალია და სხვა. XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა სინემატოგრაფი (კინოდარბაზები): "რადიუმი", "მონპლეზირი" და "თამარი". 1890-იან წლებში, როდესაც ქუთაისის მოსახლეობამ 32 000-ს გადააჭარბა, ქალაქის ერთ-ერთი სტუმარი წერდა: «ეს ალაგი ჩუმი და მოწყენილია. როცა ქუთაისში შევედით, გვეგონა განათლების ცენტრში შევედითო... ქუთაისი უფრო ქალაქის მიდამოს ჰყავს, ვინემ თვითონ ქალაქს»
 (ემილ ლევიე, იტალიელი მეცნიერი)


ქალაქი უცხოელი სტუმრისთვის უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებდა. პატარა, ორსართულიანი სახლები ერთი მხრივ ევროპულს ჰგავდა, მეორე მხრივ კი აივნები და ბაღები ადგილობრივი ორნამენტებით იყო მორთული. პირველ სართულად თითქმის მთელ ქალაქს დარაბების რიგი მისდევდა, სადაც მაღაზიები და საწარმოები იყო მოთავსებული.

ქალაქში გამორჩეულად დიდი ზომის მხოლოდ სასწავლებლები იყო. ქუთაისი მთელი დასავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა და აქ ჩამოდიოდა მთელი რეგიონის ახალგაზრდობა. XX საუკუნის დასაწყისში აქ 24 სხვადასხვა სახის სასწავლებელი არსებობდა. კლასიკური, სათავადაზნაური, წმინდა ნინოსა და რეალური სასწავლებლის გვერდით არსებობდა მრავალი კერძო სკოლაც. მოქმედებდა სასულიერო სემინარია, კათოლიკური და სომხური სამრევლო სკოლები. თუმცა სკოლების უმრავლესობაში ქართული ენა იკრძალებოდა.



ყოვლადქალწული წმიდა მარიამის უბიწო ჩასახვის 
ქუთაისის კათოლიკური ტაძარი


კურთხევა მოხდა 1862წლის 4 ნოემბერს, 
ეკლესიის დღესასწაული 8 დეკემბერი _
უწმიდესი მარიამ ღმრთისმშობლის უმანკოდ ჩასახვა 

“ნებითა და შეწევნით ღმრთისა, ესე წყალობის წიგნი 
აღგიწერეთ.... ჩვენს ერთგულს ჰექიმთ პატრებს.... თქვენი 
საყდარის გვერდზე... ადგილი თქვენ პატრებისათვის 
გვიბოძებია და მოგვიცია სამუდამოდ... და უკეთ ვინმემ....
ხელ ჰყოს ამ ჩვენ მიერისა წყალობისა.... სამღუდელომან 
ანუ საერომან... რისხოს ღმერთმან რისხვითა საშინელითა....
და საუკუნოდ ჯოჯოხეთისა მემკვიდრედ გამოაჩინოს...”

ამონარიდი იმერეთის მეფე სოლომონ II-ისა და
დედოფალ მარიამის წყალობის წიგნიდან.
1800 წ., 14 ნოემბერი


მოკლე ქრონოლიგიური მიმოხილვა 

აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკლესიებს შორის წარმოშობილი წინააღმდეგობანი 1054 წელს სქიზმით დამთავრდა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ეკლესიას დავაში მონაწილეობა ამ მიუღია, არ შეუწყვეტია ძმური ურთიერთობა რომის ეკლესიასთან, უფრო მეტიც, XVIII საუკუნის მეორე ნახევრამდე ქართული ავტოკეფალური ეკლესია თავის დიპტიქში რომის პაპს პირველ ადგილზე მოიხსენიებდა.
 1229 წელს საქართველოში პირველი მისიონერები, მინორიტი-ფრანცისკელები შემოვიდნენ მღვდელ-მონაზვნის, იაკობ რუსანელის, ხელმძღვანელობით, ხოლო 1240 წელს თბილისში დაარსდა დომინიკელთა მონასტერი. 1328 წლის 9 აგვისტოს რომის პაპმა, იოანე XXII-მ, საეპისკოპოსო ტახტი სმირნიდან თბილისში გადმოიტანა და პირველ ეპისკოპოსად დანიშნა დომინიკელი იოანე ფლორენციელი, რომელიც საქართველოში 1318-1347 წლებში მოღვაწეობდა. თბილისის კათოლიკურმა საეპისკოპოსომ იარსება XVI საუკუნემდე, ოსმალების შემოსევამდე. 

დასავლეთ საქართველოში კათოლიკე მისიონერების შესახებ პირველი ისტორიული წყაროები XVII საუკუნიდან დასტურდება: 

1625 თეათინელების ჩამოსვლა ქუთაისში _ გამოირჩეოდნენ ექიმობა-დასტაქრობით.
1626 რომის პაპის _ ურბან VII-ის წერილობითი მიმართვა იმერეთის მეფისადმი.
1644-46 დონ კრისტოფორო დე კასტელის მოღვაწეობა ქუთაისში. მეფე ალექსანდრე III 
თავის ოჯახთან ერთად წირვას ესწრებოდა, მან “საბუთის ქაღალდით მისცა დიდათ შესანიშნავი წმინდა სოფიოს ეკლესია და რამდენიმე სახლიც თავის პალატთან ახლოს”. ერთ-ერთი ვარაუდით, წმ. სოფიის ეკლესია მდებარეობდა მწვანეყვავილას მიდამოებში.
1650 პირველი ქართველი, ვინმე ანდრეა სამეგრელოდან (ჯერემიას გვარით 
ცნობილი), საჯაროდ იცავს დისერტაციას ფილოსოფიასა და ღმრთისმეტყველებაში რომში, ურბანოს კოლეგიუმში. 
1660-70-იანი წწ. იმერეთში მოღვაწეობენ კაპუცელები, ფრანცისკელები და 
თეათინელები. 
1674 მეფე ბაგრატი რომის პაპს სთხოვს, გამოაგზავნოს “ორიოდე კაი მეცნიერი და 
კაი ექიმი პატრი მათის კაი საექიმოს წალმებით და წიგნებით...”
1705 (1735) ქუთაისში დაარსდა საეკლესიო საძმო “სავარდი”.
1705, 12 სექტემბერი: “მე იმერთა მეფე, ძე არჩილის, სოლომონ დავითიანი წყალობის 
წიგნს გიწერ ქუთაისს მდგომ პატრებს, აქ მყოფს და მომავალს. მათი უმაღლესობის, ბატონის ბიძის ჩემისაგან, ბრძანება გქონებოდათ საყდარი გედგათ და შემდგომად მისსა მეც წყალობა გიყავი და გიბოძე, ახლა რომ საყდარი გიდგია, ის ადგილი...”
1735 დაარსდა სამრევლო სკოლა.
1814 ჩაიყარა ეკლესიის ახალი შენობის საძირკველი. აშენდა კედლები. ძმებმა აკოფაშვილებმა, მამის ანდერძის თანხმად, შესწირეს ეკლესიას “საყდრის წინა ადგილი”.
1846 რუსეთის მთავრობამ საქართველოდან განდევნა ლათინური წესის უცხოელი პატრები. ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა დონ ანტონ გლახაშვილი. მან დონ გაბრიელ ასლანიშვილის, თავად გაბრიელ იოსების ძე ანდრონიკაშვილისა და სხვების დახმარებით დააჩქარებინა ეკლესიის მშენებლობა.
1862, 4 ნოემბერი: ეკლესიის ახალი შენობის კურთხევა. 
1879 აიგო სამრევლო სასწავლების შენობა (ზაქარია ჭიჭინაძე, 1903: “ქუთაისის 
ქართველი კათოლიკობა არის დაბრძნილი ერი. ბევრად სხვებზე მაღლა
მდგარნი.. განათლების მიმდევარნი... ქართველობის მხრითაც სრულს ქართულს მკვიდრს საფუძველს წარმოადგენენ”).
1892 ეკლესიის კარის წინ ივანე ყაუხჩიშვილის შემწეობით აშენდა “გუმბათიანი თლილი ქვის ბჭე”.
1897 რუსეთის იმპერიის საყოველთაო აღწერით ქუთაისში 32 476 მოსახლიდან 545 იყო კათოლიკე, ხოლო მთელ ქუთაისის გუბერნიაში აღრიცხულია 5 525 კათოლიკე.
1903, მაისი: ქუთაისს ეწვია კათოლიკე ეპისკოპოსი _ ბარონი ედუარდ როკი 
ტირასპოლიდან, რომელიც ჩამოსული იყო საქართველოში ბათუმის ახალი ეკლესიის საკურთხებლად.
1913 ეკლესია იკურთხა ეპისკოპოს კესლერის მიერ.
1923, 20 დეკემბერი: ეკლესიის საბჭომ მიიღო “ნორმალური წესდება ქუთაისის რომის კათოლიკეთა რელიგიური საზოგადოებისა ანუ სამრევლოსა და სხვადასხვა ეროვნების და ტიპიკონისა”.
1939, 20 აპრილი: მიუხედავად ხელისუფლებისმკაცრი რეპრესიებისა, მრევლის 17-მა 
წევრმა (აქედან 16 ქალბატონია), მაინც მოაწერა ხელი მოთხოვნას: “თუ შეიძლება, მოგვეცეს საშუალება ეკლესიაში მღვდელმოქმედებისა”.
1939, 29 ივნისი: ქუთაისის საქალაქო საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის 
დადგენილებით, “ქუთაისის ქართველს კათოლიკეთა საზოგადოებას” ეკლესიასთან ერთად ჩამოერთვა სამრევლო შენობა, ორსართულიანი სახლი გალავნის გარეთ. ეკლესიის შენობათა კომპლექსი უნდა გადაცემულიყო მუზეუმისთვის, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ის საწყობად იყო ქცეული.
1943 გარდაიცვალა მოძღვარი დონ დამიანე სააკაშვილი, რომელიც ეკლესიის
დახურვის შემდეგაც მუშაობდა ეკლესიის დარაჯად და იქვე ეკლესიის ბაღში იქნა დაკრძალული ყოველგვარი ქრისტიანული ნიშნის გარეშე.
1960 შენობა _ კათოლიკური ნიშნის გარეშე _ აყვანილია აღრიცხვაზე, როგორც 
 არქიტექტურის ძეგლი.
1971, 15 ოქტომბერი: ზაქარია ფალიაშვილის დაბადების 100 წლისთავთან 
დაკავშირებით, ეკლესიის შენობაში გაიხსნა საკონცერტო დარბაზი,
 რომელმაც იარსება დაახლოებით 10 წელი.
1987 ამ წლიდან კათოლიკე მორწმუნე ოჯახებმა არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას ეკლესიის მათზე გადაცემის მოთხოვნით.
1989 ეკლესიის კომპლექსი უკანონოდ დიკავეს მართლმადიდებლებმა.
1992 წმიდა საყდრის სახელმწიფომ, ერთ-ერთმა პირველმა, ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და დაამყარა მასთან დიპლომატიური ურთიერთობა; თბილისში პირველ დესპანად დაინიშნა ჟან პოლ გობელი, რომელმაც ქუთაისში ჩაატარა პირველი წირვა 1994წლის 13 მაისს. 
1994 იტალიიდან, ვერონიდან, ჩამოდიან უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმინდა სტიმატელთა კონგრეგაციის მღვდელმონაზვნები _ მამა ჯუზეპე პაზოტო და მამა გაბრიელე ბრაგანტინი, ხოლო 1998 წ. მამა კარლო დი სტეფანო და მამა ლუიჯი მანტოვანი. 
1996 ვერონიდან ჩამოდის წმინდა იოსების პატარა ქალიშვილების კონგრეგაციის
სამი მონაზონი: ლორედანა მონეტი, ემა ლიზაპრანდო, ანა მარიამ კრიველარი, 2001 წ. კი _ ჯოზეფინა ნჯოკი ნჯუე, კენიიდან.
2000 რეგისტრაციაში გატარდა საზოგადოება “სავარდი”, როგორც XVIII საუკუნის დასაწყისიდან არსებული ამავე სახელობის საძმოს მემკვიდრე.
2002, 5 აპრილი: სასამართლოში აღიძრა სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის  
წინააღმდეგ ეკლესიის დაბრუნების მოთხოვნით, ვინაიდან კათოლიკური ეკლესიის ყველა წინადადება ურთიერთშეთანხმების მისაღწევად დარჩა უპასუხოდ.

ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის
მოძღვართა ნუსხა:

1644-46 მამა დონ კრისტოფორო დე კასტელი
1670-იანი წწ. მამა ანჯელო ვეტერბოვლი
1690-1738 წწ. პოლონელი იეზუიტი მამა ივანე გოსტოვსკი
1740-იანი წწ. მამა ნიკოლა რუთილიანი
1767-1777 წწ. მამა იოანე ხუცესი (ხოჯაშვილი)
1817-1826 წწ. მამა ფილიპე (რომაელი)
1820-იანი წწ. მამა აკოფაშვილი (ქუთაისელი), მამა გიორგი (ქუთაისელი)
1840-იანი წწ. მამები ქერუბინო (სარაციელი), პეტრე ხარისჭირაშვილი
1846-1884 წწ. დონ ანტონ გლახაშვილი
1890-იანი წწ. დონ გაბრიელ ასლანიშვილი
1903-1939 წ. 1 აპრილამდე დონ დამიანე სააკაშვილი
1994 წ. მამა ჯუზეპე პაზოტო და მამა გაბრიელე ბრაგანტინი
1996 წ. წინამძღვარი: მამა გაბრიელე ბრაგანტინი
1998 წ. მამა კარლო დი სტეფანო და მამა ლუიჯი მანტოვანი




No comments:

Post a Comment