Monday, November 23, 2009

წმინდა გიორგის პირველი სასწაული


ისმინეთ, საყვარელო ძმებო, სასწაული, რომელიც ჩაიდინა წმინდა და დიდებულმა მოწამე გიორგიმ.
იმ დროს, როდესაც ამ ქვეყანაზე ბრწყინავდა წმინდა გიორგი და ეს იყო მის წამებამდე, იყო ერთი ქალაქი, რომელსაწ ლასია ეწოდებოდა. ამ ქალაქში იყო მეფე, სახელით სელინოსი. იგი უკეთური, ურჯულო, კერპთმსახური, შეუბრალებელი და ულმობელი იყო ქრისტიანების მომართ. თავისი ბოროტი საქმეების შესაფერისად გადაუხადა მას უფალმა. ქალაქის მახლობლად იყო ტბა, რომელმაც დიდძალი წყალი იკრიბებოდა და ზღვას ჰგავდა. ამ ტბის წყალში გამოჩნდა ბოროტი ვეშაპი, რომელიც ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან, სპობდა, მუსრს ავლებდა და ჭამდა მოსახლეობას. მრავალჯერ შეკრიბა მეფემ მეომრები ვეშაპის მოსაკლავად, მაგრამ მათ ეს ვერ შესძლეს, რადგან ძალიან მძვინვარე იყო. მაშინ შეიკრიბა მთელი ქალაქი, შესჩიოდნენ მეფეს და ამბობდნენ: "რა ვქნათ, ო მეფევ, რადგან ჩვენი ქალაქის ადგილმდებარეობა, მართალია, მშვენიერია, მაგრამ ჩვენ უწყალოდ ვიხოცებით და შენ არ წუხარ ამაზე, არც რამეს აკეთებ, განსხვავებით სხვა ქვეყნის მეფეებისაგან". მაშინ გული ეტკინა მეფეს, უფრო მეტად შეშინდა და უთხრა მათ: " დაწერეთ ხელწერილი და მიეცით თქვენი შვილები შესაწირავად. და როცა ყველასი დასრულდება, მყავს დედისერთა ასული და მეც მივსცემ მას შესაწირავად, როგორც თქვენ. და ნუ გაიქცევით ჩვენი ქალაქიდან". როცა მეფემ ეს თქვა, ყველას მოეწონათ მისი ნათქვამი და იწყო ყოველმა კაცმა თავიანთი შვილების მიცემა, ვიდრე არ მოვიდა მეფის რიგი.
მეფემ შემოსა თავისი ასული სამეფო პორფირით, შეამკო იგი, როგორც სარძლო, ცრემლიანი კოცნიდა და მოთქმით ეტყოდა: "წადი, ჩემო ერთადერთო ტკბილო ასულო, შენ იყავი ჩემი ნუგეშისმცემელი და მემკვიდრე ჩემი მეფობისა, თვალთა ჩემთა, სინათლე და განმზადებული ქორწილისა და სიძისათვის. და აი, ახლა მხეცის შესაჭმელად წარიგზავნები. ვაიმე, როგორც ქორწილში მიდიხარ და როგორ სარძლოდ მოგრთე შენ, რა საკრავები, გასართობი, ჩირაღდნები და თანამესუფრენი მოგიმზადე შენ. ვაიმე, ჩემო სასურველო, რადგან ვერასდროს ვერ ვიხილო შენი პირსახე და ვერც შენი მუცლის ნაყოფი, რადგან აი, ახლა მშორდები ბუნებრივი სიკვდილის გარეშე". მობრუნდა და მიმართა ხალხს: "მიიღეთ, რამდენიც გინდათ ოქრო, ვერცხლი და მასთან ერთად ჩემი მეფობაც, ოღონდ გაანთავისუფლეთ ჩემი შვილი!"
არავინ არ ისმინა მისი და არც შეიბრალა, რადგან ის ბრძანება თავიდანვე მისი დაწესებული იყო. როცა იხილა ხალხის სიჯიუტე, მისცა მათ თავისი ასული. მაშინ შეიკრიბა მთელი ქალაქი, დიდი და მცირე, ქალის სანახავად.
ხოლო კეთილმა, კაცთმოყვარე და მრავალნოწყალე ღმერთმა ინება, რომ აჩუენოს სასწაული და ჩვენებანი წმინდა მოწამის გიორგის მიერ. ამიტომ ისე მოაწყო, რომ დეოკლეტიანე მეფემ გაუშვა ჯარი. წმინდა და დიდებული გიორგი მოდიოდა კაბადოკიაში, თავისი ქვეყნის მამულში და ღვთის მოწყალებით იმ დღეს მიაღწია იმ ადგილს, როდესაც ვეშაპს უნდა მოეკლა და შეეჭამა ის ქალი. იგი გაემართა ტბისაკენ, რათა თავისი ცხენისათვის წყალი დაელევინებინა, და ნახა ტბის პირას მჯდარი ქალი, რომელიც მწარედ ტიროდა. ჰკითხა მას წმინდანმა: "დედაკაცო, რატომ ტირი, ან რატომ ზიხარ ამ ადგილას?", მიუგო ქალმან და უთხრა: "გხედავ, ბატონო ჩემო, ლამაზსა და ტანადობით მშვენიერს, როგორ მოხვედი აქ სასიკვდილოდ? წადი აქედან და სწრაფად მოშორდი აქაურობას". წმინდანმა მას უპასუხა: "დედაკაცო, ვინ ხარ შენ და ვინ არის ხალხი, რომელიც შენ გიცქერის?" უპასუხა მას ქალმა: "ბატონო, ბევრი და გრძელია ჩემი ამბავი და არ შემიძლია მოგითხრო, შენ კი სწრაფად გაიქეცი, რომ მწარე სიკვდილით არ მოკვდე".
უთხრა მას წმინდა გიორგიმ: "ყველაფერი მითხარი და მეც შენთან ერთად მოვკვდები და შენ არ მიგატოვებ". უთხრა წმინდანს ქალმა: "ბატონო, ეს არის ქალაქი ლასია და არის ის კეთილსაცხოვრებელი ადამიანთათვის. და ამ წყალში დაბადებულია ვეშაპი, ჭამს იგი ამ ქალაქის ადამიანებს და სპობს ხალხს, მე ვარ ერთადერთი ასული მეფისა. მამაჩემმა ბრძანება გამოსცა, რომ ყველას რიგ-რიგობით თავისი შვილი უნდა მიეცა მისთვის. ახლა, როცა ყველამ შეასრულა იგი, მოვიდა მამაჩემის რიგიც და გამომგზავნა მე ვეშაპის შესაჭმელად. აი, მოგითხრე შენ ყველაფერი: ახლა კი წადი მშვიდობიანად". მოისმინა რა ეს ყველაფერი წმინდანმა, უთხრა მას: "ამიერიდან ნუღარ გეშინია და ნუღარც კანკალებ, არამედ მითხარ, რომელ ღმერთს ემსახურებიან მამაშენი და მასთან მყოფნი?" უპასუხა მას ქალმა: "ჰერაკლეს, აპოლონს, სკამინდროსს და დიდ ღმერთს არტემიდას". უთხრა მას წმინდანმა: "ნუ გეშინია, უშიშრად და გაბედულად იდექი". მიაპყრო თვალები წმინდა გიორგიმ ღვთის მიმართ და თქვა: "ღმერთო, რომელიც ზიხარ ქერუბინებზე ზევით და ხედავ უფსკრულსაც, რომელი ხარ და რჩები ჭეშმარიტ ღმერთად, თვით იცი ფიქრები ადამიანებისა, აჩვენე ძალა, სასწაული და საკვირველებანი შენი მონის მოსეს მიერ, ასევე აჩვენე ჩემზე შენი წყალობა და ყავ ჩემთვის კეთილი სასწაული და ფეხქვეშ დამიმორჩილე ეს ბოროტი მხეცი, რათა ყველამ გაიგოს, რომ შენ ჩემთან ხარ". მოვიდა ზეციდან ხმა, რომელიც მას ეუბნებოდა: "გიორგი, შესმენილ იქნა შენი ვედრება უფლის მიერ. რაც გინდა, გააკეთე, რადგან მე შენთან ვარ".
უეცრად შეინძრა ლერწამოვანი. შეჰყვირა ქალმა: "ვაიმე, ბატონო ჩემო, გაიქეცი აქედან. აი, აგერ მოდის ბოროტი ვეშაპი". ხოლო წმინდანი გაიქცა ვეშაპის შესახვედრად, გამოსახა მასზე ჯვარის სახე და თქვა: უფალო ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემ მორჩილად". როგორც კი მან ეს თქვა სულიწმინდის შეწევნითა და მისი ლოცვით დაეცა ბოროტი ვეშაპი წმინდანის ფეხებთან. წმინდა გიორგიმ უბრძანა ქალს: "მოიხსენი სარტყელი და აქ მომეცი". ისიც ასე მოიქცა, წმინდა გიორგიმ შეკრა ვეშაპი, მისცა ქალს და უთხრა: "წადი ქალაქისაკენ". ხალხმა რა იხილა ეს საკვირველი სასწაული, დაფრთხა და უნდოდა გაქცევა ვეშაპის შიშით, მაგრამ წმინდა გიორგიმ მათ უთხრა: "ნუ გეშინიათ, დადექით და იხილეთ ღმერთის ცხოველმყოფელობა ". უთხრა მათ: " იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს, რომ მან არ დაგხოცოთ თქვენ ".
მაშინ შეჰყვირეს მეფემ თავის დიდებულებთან ერთად და მთელმა ხალხმა და თქვეს: "გვწამს, ბატონო, მამა და ძე და სული წმინდა". მაშინვე იშიშვლა წმინდანმა თავისი ხმალი, მოკლა ვეშაპი და ქალიშვილი დაუბრუნა მეფეს. შეიკრიბა მთელი სიმრავლე ხალხისა და ფეხებზე კოცნიდნენ წმინდანს და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ წმინდა გიორგიმ მოიწვია ალექსანდრე ეპისკოპოსი და ნათელი სცა მეფეს, დიდებულებს და მთელ ხალხს. თხუთმეტი დღის განმავლობაში ორმოცდახუთიათასმა კაცმა ნათელიღო. და შეიქმნა დიდი სიხარული ქალაქში. მეფემ მთელ ხალხთან ერთად ააშენა ძვირფასი ტაძარი ღვთის სადიდებლად და მოწამის საპატივცემულოდ. როცა დაამთავრეს ტაძარი, მოვიდა წმინდა გიორგი და აჩვენა სხვა საკვირველება: შევიდა ტაძარში და ეკლესიის საკურთხეველში აღმოადინა მაკურნებელი წყალი, და არის იგი დღემდე ჩვენი ღვთის-ქრისტეს მორწმუნეთა საკურნებელად. სხვა მრავალი და დიდებული საკვირველებანი აღასრულა წმინდა მოწამე გიორგი ღვთის მიერ მოცემული მადლით იმ ქალაქში ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.

No comments:

Post a Comment