Monday, June 8, 2009


ბ ო რ ჯ ო მ ი

   ბორჯომი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მისი ფართობი 1190 კვადრატული კილომეტრია. ტერიტორიის 60-65% წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყითაა დაფარული. გეოგრაფიული მდებარეობა ხეობის თავისებურ ჰავას განაპირობებს. კლიმატური მრავალფეროვნება ბორჯომის, როგორც საკურორტო, ასევე სამკურნალო ზონის როლს კიდევ უფრო ზრდის. დასახლება მაღალი მთებითაა გარშემორტყმული. რეგიონში თბილი ზაფხული და რბილი ზამთარი იცის. სასიამოვნო ჰაერი და ბუნებრივი პირობები ამ ადგილს მიმზიდველსა და დაუვიწყარს ხდის.

ტელეკომუნიკაცია

   რეგიონთან სატელეფონო კავშირის დასამყარებლად საჭიროა რაიონის კოდი: 267. რაც შეეხება მობილურ სატელეფონო კავშირს, ის მთელს რეგიონზე ვრცელდება. იგივეს თქმა შეიძლება ტელევიზიებზეც. ადგილობრივი სამაუწყებლო კომპანია "ბორჯომი"ეთერში ძირითადად საინფორმაციო გადაცემებს უშვებს. ისე კი, დამსვენებლებს რუსთავი 2-ისა და იმედის ცქერა ყოველთვის შეუძლიათ.


   ღირსშესანიშნაობები

   უშუალოდ ბორჯომი მდიდარია სანახაობებით. ასეთია, მაგალითად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც მთელს კავკასიაში ერთ–ერთი პირველია. მას საფუძველი ჯერ კიდევ 1994 წელს ჩაეყარა: იმ დროისთვის ველური ბუნების დაცვის ფედერაციის პროექტი წარედგინა დასამტკიცებლად საქართველოს ხელისუფლებას. 1995 წელს პროექტი დამტკიცდა. 1997 წელს გერმანიის მთავრობამ მოიწონა ბორჯომ-ხარაგაულის პარკის დაფინანსების პროექტი. 1999 წლიდან დაწყებული გერმანიის მთავრობამ 2,5 მილიონი გერმანული მარკა გამოჰყო პარკის შესაქმნელად და 1999 წლიდან მოყოლებული 2003 წლამდე 16 მილიონ 680 ათასი მარკა დამხმარე ზონის განვითარებისთვის.აქ ტყეების დიდი ნაწილი ხელუხლებლად არის შენარჩუნებული.

   დღეს ბორჯომი-ხარაგაულის პარკში არსებული 8 ტურისტული მარშრუტიდან არის თვით ნიკოლოზ პირველის ბილიკიც: როგორც ამბობენ, მას არაერთხელ უსეირნია ამ მარშრუტით ლიკანიდან ზემოთ მთებში. ახლა აქ აშენებულია რეინჯერების სახლი, რამდენიმე კილომეტრში კი ტურისტების თავშესაფარი. ასე რომ, ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ, სურვილისამებრ, ცხენებით დაათვალიერონ მიდამოები და ღამე ტყეშივე, სპეციალურ პატარა სახლებში გაათიონ. ბილიკების უმრავლესობა აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე მოქმედებს. ეროვნულ პარკში ამ დროისთვის 8 ტურისტული ბილიკია. სპეციალისტების მიახლოებითი გათვლებით, ამ ბილიკებს ყოველდღიურად 400-მდე ტურისტის მიღება შეუძლიათ. ტურისტული მარშრუტების სირთულე და ხანგრძლივობა სხვადასხვაგვარია - ერთიდან 5 დღემდე. მარშრუტები ისეთი გათვლებითაა შედგენილი, რომ რამდენიმე ძირითადი ბილიკის გავლის შემდეგ ტურისტს ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ლანდშაფტის, ენდემური ფლორისა და ფაუნის მთელ მრავალფეროვნებაზე ჰქონდეს წარმოდგენა


  საინტერესოა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც ერთ–ერთი უძველესია. შენობა, რომელშიც მუზეუმია განლაგებული, 1890 წელსაა აშენებული და უნიკალურია თავისი არქიტექტურით. მუზეუმში დაცულია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სხვადასხვა სახის ექსპონატი. გახსნილია რამდენიმე ექსპოზიცია, რომლებშიც ფლორისა და ფაუნის განსაკუთრებული ნიმუშების გარდა, პირველყოფილი ადამიანის ქვის იარაღები, ბრინჯაოს ხანის ადამიანთა კულტურის ძეგლები, საბრძოლო და სამეურნეო დანიშნულების იარაღებია წარმოდგენილი.

   ეს კუთხე მდიდარია ეკლესიებითა და სამონასტრო კომპლექსებით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ მწვანე მონასტერს, ქვაბისხევის წმ.მარიამის ეკლესიას, დაბის ეკლესიასა და სხვა. საკურორტო ქალაქს ჩრდილო-დასავლეთიდან გოგიას ციხე დაჰყურებს თავს. მსგავსი ოთხკუთხა კოშკები ქართულ არქიტექტურაში XIV საუკუნეზე გვიან არ გვხვდება. მისი ქონგურებიდან ქალაქი განსაკუთრებით ლამაზი სანახავია. ციხე ფეოდალ ავალიშვილებს ეკუთვნოდათ და დღემდე გოგია ავალიშვილის სახელს ატარებს.
 

სასტუმროები

   სასტუმროების თვალსაზრისით ბორჯომში კარგი მდგომარეობაა. მაგალითად, "ბორჯომი", "ბორჯომის ხეობა","ვილა პარკი"და რამდენიმე სხვა, ცენტრთან ახლოს მდებარეობენ და ნებისმიერისთვის ადვილი მისაგნებია. ფასები უცხოურ კურორტებთან შედარებით, უცხოელებს შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოთ. ქართველებისთვის კი ხელმისაწვდომი, მაგრამ არც ისე დაბალია. ცალკე სახლებში ოთახების დაქირავებაც შესაძლებელია და საშუალოდ დღეში 30-35 ლარიდან იწყება. ყველაზე ძვირი ბორჯომ–ხარაგაულის პარკთან ახლოს მდებარე ბინებია. 

დღესასწაულები

  ოქტომბერში "ბორჯომობა" იმართება. ადგილობრივები ამ დღესასწაულს თავისებური წესებით აღნიშნავენ.

მინერალური წყლები

   და ბოლოს, ის, რაც ყველაზე მთავარია და რისთვისაც სტუმრობენ ძირითადად ბორჯომს - მინერალური წყლები, რომლებზეც უკვე ლეგენდები დადის. წყალი მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო ელემენტებითა და მრავალი დაავადების წინააღმდეგ საუკეთესო სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა. ხეობაში რამდენიმე წყარო ამოდის და ყოველი მათგანი განსხვავებული თვისებებით ხასიათდება. დღეს ბორჯომის მინერალურ წყლებს მთელი მსოფლიო კარგად იცნობს. თუმცა ლეგენდაზე შეიძლება უმეტესობას არც კი სმენია. ამბობენ, რომ სადაც ამჟამად პარკია გაშენებული, ადრე გრენადერთა პოლკი იყო დაბანაკებული. ხეების ჭრის დროს, შემთხვევით, მიწის სიღრმიდან მოჩუხჩუხე წყაროს გადაჰყრიან. უგემრიელესი წყალი უცნობი დაავადებით დატანჯულ პოლკის უფროსსაც გამოუყენებია და განკურნებულა. წყლის უნიკალურობას ახლა უკვე საერთაშორისო გამოფენებზე მოპოვებული ოქროს მედლებიც ადასტურებს.


   განახლებულ ბორჯომ–პარკში, რომელიც შარშან, 12 აგვისტოს გაიხსნა, წყლისთვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი. მალე ის შუშით დაიხურება და მინერალური წყლის წაღება ყველა მსურველს ძველებურად შეეძლება. იქვე პარკში მოწყობილია კინოთეატრი, ატრაქციონები ბავშვებისთვის, სპეციალური შემინული დარბაზი, სადაც საქართველოს მაკეტი ინახება. რესტორნების, ბარების, სპორტ–კლუბებისა და სხვა გასართობი დაწესებულებებისთვის განკუთვნილი ტერიტორიები უკვე არენდითაა გაცემული და მალე ამოქმედდება. საბაგირო კვლავინდებურად ფუნქციონირებს. პარკს პოლიცია იცავს, შესაბამისად, უსაფრთხოებაც დაცულია.

No comments:

Post a Comment