Thursday, June 4, 2009



 
შიომღვიმე

   შიომღვიმე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი, ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი. მსხვილი სენიორია.

   მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის რაიონში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ . როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ (აქედან სახელწოდება "შიოს მღვიმე", "შიომღვიმე"). მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილად მიაჩნდათ.

ისტორია



   XI საუკუნეში მღვიმეს ეკლესია დააშენეს, რომელიც მოგვიანებით იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას შეუერთეს. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემლის გუმბათოვანი ეკლესია, ზემო ეკლესია, სატრაპეზო და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო. იოანე ნათლისმცემლის სადა, მკაცრფორმებიანი ეკლესია თითქმის სანახევროდ მიწაშია ჩაფლული. იგი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიმუშია. აგებულია შიოს ინიციატივით VI საუკუნის 50-60-იან წლებში. ეკლესია გეგმით მარტივი, "თავისუფალი ჯვრის" ტიპის შენობაა, ე.ი. გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის მოხაზულობა გარედანაც იკითხება, აღმოსავლეთით აფსიდია. ცენტრალურ კვადრატზე აღმართულია რვაწახნაგა გუმბათის ყელი, რომელიც დასრულებულია რვაწახნაგავე შეკრული კამარით. გადახურულია კონუსებრი სახურავით. ინტერიერს ამშვენებდა იშვიათი ოსტატობით შესრულებული ორნამენტითა ფიგურებიანი რელიეფით შეკრული XI საუკუნის ქვის კანკელი (გადატანილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). მიუხედავად XI და XVIII საუკუნეების მინაშენებისა, ეკლესიამ მაინც შეინარჩუნა თავისი თავდაპირველი სახე. აგურის სამრეკლო XVIII საუკუნისაა. მონასტრის შუაგულში აღმართულია ღვთისმშობლის ეკლესია, ე.წ. ზემო ეკლესია. აშენებულია XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, დავით აღმაშენებლის განკარგულებით. იგი თავდაპირველად გუმბათოვანი იყო. 1678 აღდგენილია ბაზილიკის სახით. სამეურნეო დანიშნულების შენობათაგან შემორჩენილია სატრაპეზო (აქედანაა გასასვლელი შიოს მღვიმეში), რომლის ძველი ნაწილი XII საუკუნისაა, გადაკეთებულია და განახლებული XVII საუკუნეში.

   მთაზე აღმართული მცირე, მოხატული სამლოცველო XII საუკუნეს მიეკუთვნება. მონასტერი წყლით მარაგდებოდა სოფ. სხალტბიდან. (შიომღვიმის წყალსადენი).


კულტურული მნიშვნელობა

შიომღვიმე ძველი ქართული კულტურულ-მწიგნობრული კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ შიო მღვიმელი, ბასილ კარიჭის ძე (XI ს.), არსენ იყალთოელი, არსენ ბერი, გიორგი ხუცესმონაზონი (XIII-XIV სს.), თეოდოსი (1878-1881) და სხვა.

      შიომღვიმის უდიდესი წიგნთსაცავიდან მოღწეულია მრავალი ხელნაწერი. 1804 ცნობით, შიომღვიმის ბიბლიოთეკაში დაცული ყოფილა ხელნაწერთა მდიდარი ფონდი (10 ურემზე ძლივს დაეტეოდაო). შიოსავე სიცოცხლეში მონაზონთა რაოდენობა მონასტერში 25-დან 200-მდე გაიზარდა. შიომღვიმე VI საუკუნიდან XII საუკუნის დასაწყისამდე კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო მფარველობაში იმყოფებოდა, დავით აღმაშენებელმა იგი სამეფო საკუთრებად აქცია. დაუწესა საგანგებო "ანდერძი"-ტიპიკონი (1123) და შესწირა დიდძალი უძრავ-მოძრავი ქონება. მონასტერმა მხარი დაუჭირა მეფეს ურჩ ფეოდალებთან ბრძოლაში. თბილისში მონასტერი ფლობდა სავაჭრო დუქნებს, საგანგებოდ აშენებდა გასაყიდ პირუტყვს. ჰქონდა სასამართლო (არასრული), საეპარქიო და სახელმწიფო გადასახადების შეუვალობის პრივილეგიები. მართვა-გამგეობის მხრივ მხოლოდ მეფე-პატრონის უზენაეს უფლებას ცნობდა, ეპარქიალურად მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქს ექვემდებარებოდა. XIII-XVIII საუკუნეებში შიომღვიმის პოლიტიკური და ეკონომიური მდგომარეობა დაქვეითდა. XIV საუკუნის II ნახევარში ზევდგინიძე-ამილავართა საკუთრება გახდა (გიორგი VII-მ ერთგულობისათვის უბოძა ზევდგინიძე იოთამს (თაყას)). ამ დროიდან XIX საუკუნის I ათეულ წლებამდე შიომღვიმე ზევდგინიძე-ამილახვართა საძვალე იყო. 1614-1616, შაჰ-აბასის შემოსევების დროს შიომღვიმე ააოხრეს. 1678 აღადგინა გივი იოთამის ძე ამილახვარმა. ქართლში ოსმალთა ბატონობის (1723-1735) და ხშირი ლეკიანობის გამო 1726 შიომღვიმე მთლიანად დაიცალა.

   1733 მონასტერში განახლდა ცხოვრება. ამ ეტაპზე ფართო სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები შეასრულა გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარმა. 1735 შიომღვიმე ყიზილბაშებმა დაარბიეს და ბერები ერთიანად ამოხოცეს. XIV საუკუნიდან შიომღვიმის ყველა პრივილეგია გაუქმდა და გადავიდა მონასტრის პატრონის ხელში. ეპარქიალურად სამთავისის საეპისკოპოსოს დაექვემდებარა. სამთავნელ ეპისკოპოსს ზოგჯერ შიომღვიმის წინამძღვრის თანამდებობაც ეკავა. აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801) შიომღვიმე ფეოდალური სენიორიიდან შტატის დაწესებილებად იქცა. 1811-1822 ადმინისტრაციულად შეუერთეს ქვათახევის მონასტერს, 1822-1887 კი თბილისის ფერისცვალების მონასტერს. 1887-დან მიეცა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული-სასულიერო მმართველობა. XIX საუკუნის 90-იან წლებში ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირისძის ინიციატივითა და სახსრებით შიომღვიმე საფუძვლიანად განაახლეს. მონასტერი მოქმედებდა XX საუკუნის დასაწყისშიც. ამ ხანებში აქ სხვადასხვა შენობა აუგუათ. ამ დროსვე მოხატეს და "შეამკეს", არსებითად კი დაამახინჯეს შიოს ძველი ეკლესია. მონასტრის მახლობლად კლდეში ნაკვეთი მღვიმეებია, რომლებიც ბერების საცხოვრებელი და თავშესაფარი იყო.

შიო მღვიმელი

ღირსი შიო მღვიმელი, ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის იოანეს (ხსენება 7 მაისს) ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისაგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომლიც წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, თავის მოწაფეებს კი უთხრა: „იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს“, შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს მშობლებისაგან აეღო ნებართვა.

გავიდა ხანი. შიოს მშობლები მონასტერში წავიდნენ სამოღვაწეოდ. შიომ გაყიდა საცხოვრებელი, გაათავისუფლა ყველა მონა და მამა იოანესთან წავიდა.

ღირსმა იოანემ სიხარულით მიიღო შიო, ბერად აღკვეცა და უდაბნოში დარჩენის ნება დართო.

ოცი წელი დაჰყო ღირსმა შიომ უდაბნოში მამა იოანესთან. უანგარო მოღვაწეობისა და მორჩილებისათვის მან კურნების ნიჭი მიიღო.

შემდეგ ღირსმა იოანემ იხილა ზეგარდამო ჩვენება, ამოერჩია მოწაფეები და ივერიაში წამოსულიყო ქართველთა სარწმუნოების განსამტკიცებლად. იმ თორმეტ თანამოსაგრეს შორის, რომელიც თან გაიყოლა წმიდა მამამ, შიოც იყო.

საქართველოში ჩამოსული მამები ზედაზნის მთაზე დაბინავდნენ, შემდეგ კი, კათოლიკოს ევლავიოსის კურთხევით და მამა იოანეს რჩევით, სხვადასხვა კუთხეში წავიდნენ საქადაგებლად.

დაყუდებისმოყვარე შიომ თავისი სულიერი მამისაგან უდაბნოში წასვლის ნებართვა ითხოვა. მცხეთის მახლობლად, სარკინეთის კლდეში იპოვა მღვიმე, და დაიწყო მოღვაწეობა. ის ადგილი იმ დროს მიუვალი, უწყლო, მხეცებით სავსე იყო. მრავალი ნაკლულევანება და შიში განიცადა აქ მამა შიომ, მაგრამ ყველაფერი დაითმინა და ყველანაირ საცდურს სძლია. ღირს მამას წმიდა ელია თეზბიტელის (ხსენება 20 ივლისს) მსგავსად ფრინველები უზიდავდნენ საზრდელს.


ერთხელ, მთელი ღამის მხურვალე ლოცვის შემდეგ, განთიადისას, მთელ ხევს საკვირველი ნათელი მოეფინა და წმიდა შიოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა წმიდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად. ყოვლადწმიდა ქალწულმა განსაცდელთა შინა გაძლიერება აღუთქვა წმიდა ბერს და საზრდოდ თოვლის მსგავსი რამ მისცა. შემდგომ ამისა ღირსი შიო მეტი გულმოდგინებით მოღვაწეობდა იმ ხევში მარტოდმარტო.

ერთხელ სარკინეთის მთებში სანადიროდ წავიდა ფარსმან მეფის სპასპეტი, ციხედიდის მთავარი ევაგრე (ხსენება 4 თებერვალს), აქ მან ღირსი მამა გაიცნო და მასთან დარჩა სამოღვაწეოდ.

გამოჩენილი სპასპეტის უდაბნოში წასვლა მალე მთელმა ქვეყანამ გაიგო. ღირს შიოსთან და ევაგრესთან მრავალი მლოცველი მოდიოდა. ბევრმა მათგანმა ღირს ევაგრეს მიბაძა და უდაბნოში დაიწყო მოღვაწეობა.

ერთხელ ღირსი შიო ლოცვად დადგა და ღმერთს შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის ეკლესიის ასაშენებელი ადგილი. წმიდანმა საცეცხლურის ნაცვლად ხელის გულით აკმია საკმეველი. ცეცხლმა ხელი არ დასწვა. წმიდანი საკმევლის კვალს გაჰყვა და იქ, სადაც კვამლმა პირდაპირ ცისკენ აიწია, თავისი კვერთხით ეკლესიის ადგილი დასახა. ასე მიანიშნა უფალმა წმიდა შიოს, თუ სად უნდა აეშენებინა ტაძარი.

როცა ფარსმან მეფემ ევაგრეს ბერად შედგომა გაიგო, ძლიერ ეწყინა და თვითონ წაბრძანდა შიოს უდაბნოში. მეფემ ისეთი საკვირველი მადლი იხილა წმიდა შიოს სახეზე, რომ გვირგვინი მოიხადა და მის წინაშე დაიჩოქა. მამა შიომ მოწიწებით აკურთხა მეფე, წამოაყენა და თავისი ხელით დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი. მეფის მხლებლებმაც თაყვანი სცეს მამა შიოს და მიიღეს მისგან კურთხევა. მათ შორის იყო ერთი დიდებული, რომელსაც მარჯვენა თვალი დაზიანებული ჰქონდა ისრისაგან. მან მუხლი მოიყარა შიოს წინ, შეახო თვალი მის ფეხს და განიკურნა.

ფარსმან მეფემ ღირს მამას ჰკითხა, თუ რა სჭირდებოდა უდაბნოსთვის. წმიდა შიომ უპასუხა: „უფალო მეფე! გულნი მეფეთანი ხელთა შინა ღვთისათა არიან, ვითარცა რა ჯერ გიჩნს, ჰყავ“. მეფემ უდაბნოში ეკლესიის ასაშენებელად დიდძალი საფასე, ოთხი დაბა, ბარძიმ-ფეშხუმი, ოქროს ჯვარი და მშვენივრად შემკობილი მეფე ვახტანგ გორგასლისეული (ხსენება 30 ნოემბერს) სახარება შესწირა.

როცა ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს, ფარსმან მეფე ამჯერად უდაბნოში კათოლიკოსსა და ეპისკოპოსებთან ერთად ჩაბრძანდა. მოვიდა თვით წმიდა იოანე ზედაზნელიც და ახლად აგებული ტაძარი აკურთხა.

შემდგომ ამისა მეუდაბნოე ძმათა რიცხვმა ორი ათასს მიაღწია. უდაბნოში სასწაულთმოქმედი განდეგილის სანახავად და მისგან კურთხევისა და კურნების მისაღებად მრავალი ადამიანი მოდიოდა.


წმიდა შიო მრავალ სასწაულს იქმოდა. ერთხელ მონასტრის სახედრებს მგელი შემოეჩვია და ბევრი დაგლიჯა. როცა ეს ამბავი წმიდა შიომ გაიგო, ილოცა და უფლისგან ითხოვა, ეს მგელი სახედრების მწყემსად ქცეულიყო; ასეც მოხდა - ამის შემდეგ ერთგულად მწყემსავდა სახედრებს.

ერთხელ წმიდა იოანე ზედაზნელმა იხმო თავისი მოწაფეები და უბრძანა, ეჩვენებინათ, თუ სულიერების რა საზომს მიაღწიეს. წმიდა შიომ ხელისგულზე დაიდო ნაკვერცხალი და საკმეველი დააყარა. სასწაულის მხილველი ხალხი გაკვირვებული ადიდებდა უფალს.

ბოლოს წმიდა შიომ თავისი სულიერი მამის, იოანე ზედაზნელისა და საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით შეკრიბა მოწაფეები, მისცა მათ წესი, დაუნიშნა წინამძღვრად ღირსი ევაგრე და მის მიერვე გათხრილ მღვიმეში განმარტოვდა.

ქრისტეს სიყვარულისთვის ცოცხლად დამარხული ღირსი შიო თხუთმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მღვიმეში მარხვითა და ლოცვით. ბოლოს, ღვთისგან სიკვდილის მოახლოების გამოცხადების შემდეგ, მიიღო წმიდა ზიარება, ხელები აღაპყრო და მშვიდად ჩააბარა უფალს სული სიტყვებით: „ჰოი, უფალო! ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა“.

სპარსელების ერთ-ერთი შემოსევის დროს შაჰ-აბასის მხედრებმა შიო მღვიმელის წმიდა ძვლები ირანში წაიღეს. იმ წელს სპარსეთი საშინელმა ჭირმა მოსრა. შეშინებულმა სპარსელებმა ამის მიზეზად წმიდა შიოს ნაწილებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება მიიჩნიეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნეს.

წმიდანთა ცხოვრება, ტომი II, თბილისი, 2001 წ.




No comments:

Post a Comment