Thursday, June 4, 2009

ვ ა ნ ი


   ვანი, ქალაქი საქართველოში, ვანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 60 მ, რკინიგზის სადგურ სამტრედიიდან 19 კმ-ზე. ჰავა — ზღვის ნოტიო სუბტროპიკული. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,9°C, იანვარი 4,1°C, ივლისი 23,4°C. ნალექები 1380 მმ წელიწადში. ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. მოსახლეობა 4,6 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი).

ისტორია



ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში. 1947 წლიდან მიმდინარეობდა სისტემატური გათხრები. ვანში ქალაქური ტიპის დასახლება განვითარდა იმ უძველეს დასახლებათა საფუძველზე, რომელთა ნაშთები ახლა მრავლადაა ფიქსირებული ვანსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე (კეჭინარა, ციხესულორი, გორა, ბაგინეთი, ინაშაური, სულორი, ძულუხი, ბუღნარი, ბზვანი), აგრეთვე მის აღმოსავლეთითაც (ფერსათი, ზეკარი, ბაღდადი). ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული, ჯერჯერობით უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამ. ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი.


კოლხეთის სამეფო 


   ვანის ქალაქობის პერიოდში 2 უმთავრესი ეტაპი გამოიყოფა:
ძვ. წ. VI-IV სს. და
ძვ. წ. III საუკუნის დასწყისი – ძვ. წ. I საუკუნის შუა წლები.

   პირველი ეტაპი წარმოდგენილია ხის საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობებით, კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი სამსხვერპლოებით, მრავალფეროვანი კერამიკული მასალის შემცველი კულტურული ფენებით და მდიდრული სამარხებით (ჭედური გამოსახულებებით მორთული დიადემები, ცვარათი შემკული ნაირსახოვანი საყურეები და სასაფეთქლეები, ცხოველთა სკულპტურულგამოსახულებიანი სამაჯურები, თასი, ჰერალდიკური გამოსახულებანი, ყელსაბამები და სხვა), აგრეთვე ვერცხლის სამკაული, ბრინჯაოსა და თიხის ჭურჭელი. სამარხებსა და კულტურულ ფენებში ნაპოვნი იმპორტული თიხისა (შავფიგურიანი, წითელფიგურიანი, შავლაქიანი) და ლითონის ჭურჭელი (პატერა, ოინოხოია, კილიკები, არიბალოსი) მოწმობს ცხოველ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობას ბერძნულ სამყაროსთან. იმ დროს (ძვ. წ. VI-IV სს.) ვანი წარმოადგენდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის (სკეპტუხიის) ცენტრს და მმართველი ზედაფენის რეზიდენციას.

   ძვ. წ. III საუკუნიდან იწყება ახალი ეტაპი ვანის ძველი ქალაქის ისტორიაში. იგი ხდება დიდი სატაძრო ცენტრი. ამ პერიოდს განეკუთვნება გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III საუკუნის გალავნის კედელი, კარიბჭის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, კონტრფორსებიანი ნაგებობა, მრგვალი ტაძარი, შვიდსაფეხურიანი საკურთხეველი და სხვა საკულტო და საზოგადოებრივი შენობები, რომელთა გათხრისას ნაპოვნი მონუმენტური ლომის თავის ქანდაკებანი, საკურთევლები, ქალ-ღვთაების ჰორელიეფური გამოსახულებებით შემკული სვეტის თავი, ტერაკოტული და ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკებანი და ნიღბები, აგრეთვე ადგილობრივი და ბერძნული კერამიკა. ძველი ქალაქი განადგურდა ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებში.


   ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წლის 25 სექტემბერს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით.1985 წლის 25 სექტემბერს. მუზეუმის გახსნას დაემთხვა შავიზღვისპირეთის პრობლემებისადმი მიძღვნილი მსოფლიო არქეოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ტარდება ყოველ მესამე წელს. მუზეუმში განთავსებულია სხდომათა დარბაზი, ბიბლიოთეკები, სარესტავრაციო და ფონდების განყოფილებები. სწორედ ოთარ ლორთქიფანიძის უდიდესი ღვაწლის გამო, რომელიც მან ვანის ნაქალაქარს და საერთოდ ქართულ არქეოლოგიას შეალია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დღეს მის სახელს ატარებს. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.).

ვანისა და ბაღდათის ეპარქია


   ქალაქ ვანში არის ვანისა და ბაღდათის ეპარქიის რეზიდენცია. ეპარქია მოიცავს ვანისა და ბაღდათის რაიონის ტერიტორიებს. ეპარქიის შემადგენლოაში შედის 22 მოქმედი ეკლესია. ეპარქია იყოფა ვანისა და ბაღდათის ოლქებად. ეპარქიის მმართველია მთავარეპისკოპოსი ანტონი (მარკოზ ბულუხია), ვანის ოლქის მთავარხუცესია დეკანოზი პეტრე (ვალერიან გიორგაძე).

მდებარეობა



ვანისა და ბაღდათის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, იმერეთის დაბლობზე მდინარეების სულორისა და ხანისწყლის აუზებში მდებარეობს. იგი ქალაქებს - ვანს, ბაღდათს და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. ეპარქიას დასავლეთიდან შემოქმედის,აღმოსავლეთიდან მარგვეთისა და უბისის ჩრდილოეთიდან ქუთაის-გაენათის და ხონის, სამხრეთიდან ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიები ესაზღვრება.

ისტორია



ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანობის ქადაგება მოციქულების დროს დაიწყო, როდესაც მათ მოაიარეს ზღვისპირეთი და მდინარე ფაზისს აჰყვნენ. ეგრის-აფხაზეთის სამეფოს და შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში ამავე სახელწოდების საკათალიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ, ვაკე იმერეთი მის შემადგენლობაში აღმოჩნდა, თუმცა აღნიშნული ეპარქია ცალკე სამღვდელმთავროდ არ გამოყოფილა. თანამედროვე ეპარქიის ტერიტორია იმერეთის სამეფოში არსებულ ქუთაისის და მარგვეთის სამწყსოებში შედიოდა. XIV ს. 30-იან წლებში ჩამოყალიბებული ხონის, შემდეგ აფხაზეთის საკათალიკოსის რეზიდენციის გელათში გადმოტანისას, დასავლეთ საქართველოს საეპარქიო საზღვრები შეიცვალა და ვაკე იმერეთიც მათ შორის გადანაწილდა. XVIII-XIX სს-თა მიჯნაზე ეს მხარე ქუთათელისა და ხონელის სამწყო ტერიტორიას შეადგენდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ვაკე იმერეთი გაერთიანებული დასავლეთ საქართველოს საეკლესიო შემადგენლობაში - იმერეთის ეპარქიაში შედიოდა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ თანამედროვე ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სამწყსო ქუთაისისა და გაენათის ეპარქიას მიეკუთვნებოდა.

1995 წ. 5 აპრილის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ვანისა და ბაღდათის ეპარქია ჩამოყალიბდა. 1996 წ. ნოემბრიდან ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მმართველად დადგენილი იქნა ეპისკოპოსი ანტონ ბულუხია.

ადმინისტრაციულად ვანისა და ბაღდათის ეპარქია ორ ოლქად იყოფა: ვანისა (მთავარხუცესი - დეკანოზი პეტრე გიორგაძე) და ბაღდათისა (მთავარხუცესი - არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე).



მოქმედი ეკლესიები



   ეპარქიის ტერიტორიაზე 22 ეკლესია მოქმედებს, მათ შორის 9 ვანის და 13 ბაღდათის რაიონის ტერიტორიაზე.
ვანის ოლქი
ვანის ყოველთა ქართველთა წმიდათა საკათედრო ტაძარი. წინამძღვრის მოადგილე - დეკანოზი პეტრე გიორგაძე
გორას წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ანდრია პაიკიძე
ზეინდრის წმ. ნიკოლოზის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი იასონ შარიქაძე
სოფ. ამაღლების ქრისტეს ამაღლების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ლუკა ჭულუხიძე
ბზვანის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ზურაბ ბიბიჩაძე
ისრითის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ლონგინოზ მანაგაძე
ქედის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი ზაქარია დვალიშვილი
ტობანიერის იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო. წინამძღვარი - მღვდელი ნიკოლოზ კაცაძე
ყუმურის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი კონსტანტინე გაბუნია.


ბაღდათის ოლქი 


ბაღდათის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი (არქიმანდრიტი მაკარი, აბესაძე)
ზემო დიმის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი იოანე ყურაშვილი
საკრაულას ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი მიქაელ გიორგობიანი
ხანის 12 მოციქულის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ბესარიონ მშვილდაძე
წითელხევის ტაძრად მიყვანების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ბასილ ბასილაძე
როკითის ფერისცვალების ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი იოაკიმე ისაკაძე
ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი მარკოზ დარჯანია
ქვედა დიმის მთავარანგელოზთა ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი გაბრიელ დარჯანია
ქვედა დიმის წმ. ნინოს სახელობის სამლოცველო. წინამძღვარი - მღვდელი დოსითეოზ შემაზაშვილი
ობჩის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი დავით ბურჯანაძე
ობჩის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია. წინამძღვარი - იღუმენი ისააკი (ფირცხალავა)
ბაღდათის წმ. თამარ მეფის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელმონაზონი ზაბულონი (ნოდია)
გოთიეთის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელმონაზონი ილია (გამყრელიძე)

No comments:

Post a Comment