Thursday, June 4, 2009


  ვ ა რ ძ ი ა

 ვარძია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

   ეტიმოლოგია

   ხალხური თქმულებით, რომელიც სავარაუდოდ მხოლოდ ლექსიკურ მსგავსებას ემყარება, სახელწოდება "ვარძია" შემდეგ ლეგენდას ემყარება. ერთხელ, როცა თამარი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ბიძასთან ერთად დაუმთავრებელი სამონასტრო კომპლექსის გამოქვაბულში თამაშობდა. გარკვეულ მომენტში ბიძამ ბავშვი თვალთახედვიდან დაკარგა ქვაბულის ლაბირინთებში და მას ძებნა დაუწყო. მცირეწლოვანი თამარი ბიძას ასე გამოეხმაურა: "აქა ვარ ძია!". მეფე გიორგი III-ს ბრძანებით კომპლექსს სახელი ამ გამოხმაურების საფუძველზე დაერქვა.

   ისტორია

   სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვარძია იმთავითვე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. ერთხანს იქ მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც იქ შექმნა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს.). ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა.

    მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII საუკუნის II ნახევარი) ვარძიელი ბერ-მონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. 1551 წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა. 1578 წელს, როდესაც ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო, მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) შემდეგ ვარძია კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია.

   საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაიწყო ამ სამონასტრო კომპლექსის მეცნიერული შესწავლა. 1938 წელს იგი მუზეუმ-ნაკრძალად გამოცხადდა. 1970-1971 წლებში ვარძიაში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, მიკვლეულ იქნა 3 კულტურის ფენა: ადრინდელი შუა საუკუნეებისა, XII საუკუნისა და XIII-XIV საუკუნეები. აღმოჩნდა მოჭიქული კერამიკის მრავალფეროვანი ნიმუშები, ქაშანურის ფრაგმენტები, ლითონის სადნობი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი და იარაღი.

   მშენებლობის ეტაპები 


    ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე ტუფბრექიჩიების შერეულ კლდეში (სიგრძე 500 მ-მდე), განლაგებულია ცამეტ სართულად. შედგება ისტორიულად ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან - ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII საუკუნეები) კლდის სოფლის ანანურისაგან. მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.

   I ეტაპზე, გიორგი III-ის მეფობის წლებში (1156-1184), შემუშავდა გეგმა და გამოიკვეთა პირველი სენაკები ეკლესიითურთ. II ეტაპზე (1184-1185) არსებული გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. თამარ მეფის მითითებით ჩატარდა მონასტრის ცენტრის რეკონსტრუქცია, კლდეში გამოკვეთეს ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი სტოა-პორტიკით. ტაძარი მოხატა მხატვარმა გიორგიმ, მხატვართა ჯგუფმა ქართლის ერისთავის რატი სურამელის თაოსნობითა და სახსრებით. III ეტაპზე (1185-1203) დამთავრდა სათავსებისა და მონაზონთა სენაკების, აგრეთვე თავდაცვით და საირიგაციო ნაგებობათა გამოკვეთა. IV ეტაპი დაკავშირებულია 1283 წლის მიწისძვრასთან. აქ ბექა ჯაყელი-ციხისჯვრელის ათაბაგობის ხანაში (1285-1306) ააგეს ორთაღიანი ნაგებობა სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი მოჩუქურთმებული სამრეკლო. მშენებლობის V ეტაპზე, ივანე ათაბაგის დროს, შეიქმნა დიდი სატრაპეზო.


   არქიტექტურა


   ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე - მრავალსართულად გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის - ტაძრის გარშემო. მთელი მონასტერი სამხრეთ მხარესაა მიმართული და საცხოვრებლები კლდის სიღრმეში სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა გამოკვეთილი. მონაზონთა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი პალატები 2-3 და 4 ოთახისაგან შედგება და ერთმანეთთან დაკავშირებულია კარიბჭეებთან შექმნილი საგანგებო გასასვლელებით. მონასტერში 120 საცხოვრებელი კომპლექსის 420 სათავსოა, მ. შ. 25 მარანი 185 ქვევრით. საცხოვრებელი კომპლექსები შედგება ერთ ღერძზე განლაგებული კარიბჭის, საცხოვრებლისა და საკუჭნაოსაგან. კარიბჭე მთავარი არქიტექტურული ელემენტია, რომელიც ვარძიას მის წინამორბედ უდაბნო-მონასტრებისაგან განასხვავებს. კარიბჭის ფართო თაღი ერთადერთი და მთავარი არქიტექტურულ-ტექნიკური ელემენტია მონასტრის ფასადის გაფორმებაში. საცხოვრებელი თუ საზოგადო დანიშნულების სათავსები ტექნიკურად მაღალ დონეზეა შესრულებული.

   ოთახების კედლებში გამოკვეთილია ფართო ნიშები - საწოლად, ლოგინის დასალაგებლად, მცირე ნიშები - ჭურჭლისათვის, წიგნებისა და ჭრაქისათვის, მერხები, კერა და სხვა. ნიშები მეტწილად თაღოვანია და შემკულია მარტივი ჩაჭრილი საპირეებით. კლდის სიბრტყეები მთავარ სათავსებში დამუშავებულია ხორკლიანი ფაქტურით. ზოგ სამყოფელს აკრავს მცირე სამლოცველო (სულ თორმეტი). ვარძია არ გამოირჩევა მდიდრული მორთულობით, ერთადერთი სამკაულია სამლოცველოთა კედლის მხატვრობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა (1184-1186), სადაც ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები, აგრეთვე ქართლის ერისთავი რატი სურამელი.

   ვარძიის ტაძრის მოხატულობა ქართული მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვანი ძეგლია. ქართული კედლის მხატვრობის კვლევისათვის იგი დიდმნიშვნელოვანია ზუსტი თარიღის გამო.

   ანანურის ეკლესიაში შემონახული მოხატულობა XVI საუკუნეს განეკუთვნება. ვარძიის მთელ კომპლექსში უკეთაა დაცული აღმოსავლეთის ნაწილი. აქ მთლიანად ან ნაწილობრივ გადარჩენილია 242 გამოქვაბული ოთახი. მათ შორის გვხვდება 5,6x8 მ ფართობის დარბაზი. ამავე ნაწილშია "სადარბაზო" საკრებულო - მცირე ეკლესიით, თამარის ოთახი, სალხინო (მარნით) და სხვა. ვარძიის მონასტრის დასავლეთ ნაწილშია სატრაპეზო, ხოლო ცენტრალურ ნაწილში საგანგებო თავშესაფარი - სამალავი ოთახები. გვირაბები მომარაგებული იყო წყლით. მთავარი ეკლესიის მახლობლად სიღრმეში ბუნებრივი წყაროა. ვარძია თავდაცვის მიზნითაც გამოიყენებოდა. აქ, აღმოსავლეთ ნაწილში ფარული გვირაბია, რომელიც მდინერისკენ ეშვება. 3,5 კმ სიგრძის წყლის გაყვანილობა გასაოცარ ინჟინრულ ნაგებობას წარმოადგენს.

   მდებარეობა 


   ვარძია კლიმატურ-ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილია, მდებარეობს ზღვის დონიდან 1300 მ-ზე. სამკურნალო ფაქტორები: თბილი მინერალური წყაროები და მთის ჰავა. სამედიცინო ჩვენება: საყრდენ-სამოძრაო ორგანოების, ნერვული სისტემის, კანის, გინეკოლოგიური და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (მეორეული ანემიით) დაავადებანი.

   1989 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით ვარძიის კედლებში კვლავ გაისმის "გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი".




No comments:

Post a Comment